ქართული თაფლი აზერბაიჯანსა და რუსეთში გაიყიდება
კომპანიის დირექტორის, შოთა კალანდარიშვილის ინფორმაციით, ამ ეტაპზე მოლაპარაკებები მიმდინარეობს და პროდუქცია ექსპორტზე, სავარაუდოდ, ერთ თვეში გაიგზავნება. შპს “თაფლიკაცი” კახეთში ალავერდის მონასტრის მიმდებარე ტერიტორიაზეა და წელიწადში 6 ტონა თაფლს აწარმოებს.
“2007 წელს დაიწყო ამ კომპანიამ ფუნქციონირება. ეს საქმიანობა პატრიარქის კურთხევით მონაზვნებმა დაიწყეს და 2009 წლიდან მეც ჩავერთე, რის შემდეგაც წარმოებამ მასშტაბური სახე მიიღო. ამჟამად მეურნეობაში რამდენიმე სახის პროდუქტს – თაფლს, ფუტკრის რძეს, დინდგელს, ცვილს, ჭეოსა და ყვავილის მტვერს ვაწარმოებთ. გარდა ამისა, გვაქვს საკუთარი სადურგლოც, სადაც მეფუტკრეობისთვის საჭირო ინვენტარს ვამზადებთ, კერძოდ, სკების ჩარჩოებს და ფიჭის ფირფიტებს. ფიჭის ფირფიტებისთვის ცვილს მოსახლეობისგან ვყიდულობთ. რაც შეეხება თაფლს, გვაქვს მეფუტკრეების სამეგობრო, რომლებიც ჩვენგან ინვენტარს (ფიჭის ფირფიტებს, ჩარჩოებს) იღებენ, ჩვენ კი მათგან სანაცვლოდ თაფლს ვიღებთ. ჩვენთან მკაცრი წესები მოქმედებს: ფუტკრის მოვლისას მხოლოდ ის მედიკამენტები უნდა გამოიყენონ, რომელსაც ჩვენ ვუწევთ რეკომენდაციას და მას ეკოლოგიურად სუფთა ადგილას უნდა ამთაბარებდნენ. წელიწადში ჩვენი საკუთარი სკებიდან 2 ტონა თაფლს ვამზადებთ, 4 ტონას კი სამეგობროს წევრი მეფუტკრეებისგან ვიღებთ”, – განაცხადა შოთა კალანდარიშვილმა.
მისი თქმით, კომპანიამ თაფლი 2015 წელს ჩინეთის ბაზარზე და შარშან ირლანდიაში გაიატანა, თუმცა მას შემდეგ ექსპორტი შეწყდა. კალანდარიშვილის განმარტებით, ჩინეთში ექსპორტის შეწყვეტის მიზეზი ის იყო, რომ საქართველო იმ ქვეყნების სიაში არ აღმოჩნდა, რომელსაც ამ ქვეყანაში თაფლის შეტანის უფლება აქვს, რადგან იქ გარკვეული რეგულაციები შეიცვალა.
,,რაც შეეხება ადგილობრივ ბაზარს, შპს “თაფლიკაცის” პროდუქცია დაფასოებული სახით, დუტიფრის ქსელში და “აგროჰაბში” იყიდება. სამომავლოდ შეფუთვის გამრავალფეროვნებას ვგეგმავთ”,- განაცხადა კომპანიის ხელმძღვანელმა.
მისივე ინფორმაციით, ექსპორტი დაიწყების პარალელურად, კომპანია წარმოების მოცულობას გაზრდის. შპს “თაფლიკაცის” მეურნეობას, ამ ეტაპზე, 30 ტონა თაფლს აწარმოებს, თუმცა კომპანია წელიწადში, 6 ტონა თაფლს და 25 ათას სკა ჩარჩოს ყიდის.