ახალი ამბები

თელავში პრობაციონერებს ეკონომიკური საქმიანობისთვის ტექნიკური აღჭურვილობა გადაეცათ

ევროკავშირის მიერ დაფინანსებული პროექტის “განათლება რეინტეგრაციისთვის – გზა საზოგადოებაში დასაბრუნებლად” ფარგლებში 11-მა ბენეფიციარმა მანქანა-დანადგარები, ხელსაწყოები, სამუშაო იარაღები და სხვა სახის ტექნიკა მიიღო. პროექტის ერთ-ერთი განმახორციელებელი ჰუმანიტარული ცენტრი „აფხაზეთია“. ცენტრის საარსებო წყაროების კოორდინატორი დავით გუჩუა აცხადებს, რომ პროექტის მიზანია კანონთან კონფლიქტში მყოფი პირების საზოგადოებაში ინტეგრაციის პროცესის ხელშეწყობა ბიზნეს კომპანიებს, სამთავრობო და საზოგადოებრივ ორგანიზაციებს შორის თანამშრომლობის გზით. 
,,პროექტის პირველ ეტაპზე 11 ბენეფიციარს გადავეცით მანქანა-დანადგარები. ის არის სამწლიანი და ითვალისწინებს ბენეცფიციარებისთვის სხვადასხვა ტიპის სარგებელის მოტანას. ინვენტარის, დანადგარების და აღჭურვილობის გადაცემის გარდა, გათვალისწინებულია სხვადასხვა ტიპის ტრენინგის ჩატარება, მათ შორის, პროფესიული გადამზადება, ბიზნეს ტრენინგები, ექსპერტების ჩართულობა, ფსიქოლოგის დახმარება და სხვა. თითოეული ბენეფიციარისათვის გადაცემული მატერიალური ფასეულობის ღირებულება, 400, 1200 და 3000 ევროა. პროექტში კახეთის რეგიონიდან 50-მდე ყოფილი მსჯავრდებული და პრობაციონერი იყო ჩართული. თითოეული მონაწილე დაესწრო ოთხდღიან ტრენინგს თემაზე „ეფექტური სოციალური და სამუშაოს მოძიების უნარები”, – განუცხადა knews.ge-ს დავით გუჩუამ. 
მისივე ინფორმაციით, ბენეფიცირებს პროფესიული გადამზადების და ბიზნეს ტრენინგიც ჩაუტარდათ. 
„გარდა ამისა, მონაწილეთა ნაწილმა გაიარა ორთვიანი პროფესიული გადამზადების კურსი და ბიზნესის დასაწყებად მიიღო 400 ევროს მოცულობის ფინანსური მხარდაჭერა მატერიალური ფასეულობის სახით. ბენეფიციართა ნაწილმა გაიარა ბიზნეს ტრენინგი და შესაძლებლობა ჰქონდა, მიეღო 1200 და 3000 ევროს მოცულობის ფინანსური მხარდაჭერა მატერიალური ფასეულობის სახით ბიზნესის დასაწყებად ან განსავითარებლად. უახლოეს მომავალში კახეთში კიდევ 15 ბენეფიციარი მიიღებს ჩვენს მხარდაჭერას’’,- განუცხადა Knews.ge-ს დავით გუჩუამ.
პროექტი „განათლება რეინტეგრაციისათვის – გზა საზოგადოებაში დასაბრუნებლად” კახეთის გარდა, შიდა ქართლის, იმერეთის, სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონებსა და ქალაქ თბილისში ხორციელდება. პროექტი 2020 წელს დასრულდება და მასში 300 მსჯავრდებული, ყოფილი მსჯავრდებული და პრობაციონერი მიიღებს სხვადასხვა სახის სარგებელს. 
პროექტს ახორციელებენ არბაიტერ-სამარიტერ-ბუნდი (ASB), საქველმოქმედო ჰუმანიტარული ცენტრი „აფხაზეთი“ (CHCA) და საქართველოს სტრატეგიული კვლევებისა და განვითარების ცენტრი (CSRDG).