სოფელ ლამბალოში ქალთა ოთახი გაიხსნება
როგორც knews.ge-ს საგარეჯოს მერიაში განუცხადეს, პროექტის „MOLI კახეთში“ მხარდაჭერით, ოთახი გარემონტდა. უწყების ინფორმაციით, „ქალთა ოთახის“ მიზანია ხელი შეუწყოს ადგილობრივ მოსახლეობას, განსაკუთრებით კი ქალებს, მუნიციპალიტეტთან ურთიერთობაში და გაზარდოს/წაახალისოს ქალებისა და მამაკაცების თანაბარი მონაწილეობა ადგილობრივი თვითმმართველობის დონეზე გადაწყვეტილების მიღების პროცესში.
2017 წლის 4 ოქტომბერს, კახეთის გუბერნატორს, ირაკლი ქადაგიშვილს, ასევე ორგანიზაციების „მერსი ქორისა“ და „HEKS/EPER ის სამხრეთ კავკასიის ოფისის“ ხელმძღვანელებს შორის მემორანდუმი გაფორმდა, რომლის თანახმადაც, კახეთის რეგიონის 8 მუნიციპალიტეტში „ქალთა ოთახების“ გახსნას ჩაეყარა საფუძველი.
„ქალთა ოთახები“ არის „მერსი ქორის“ და შვეიცარიის მთავრობის ერთობლივი პროექტის „მცირე კავკასიის ალიანსების პროგრამის“ იდეა, რომელიც მუნიციპალური სერვისია და ქალთა სოციალურ-ეკონომიკურ გაძლიერებას და ადგილობრივ მმართველობაში ინტეგრაციას ემსახურება.
“ქალთა ოთახის საშუალებით ადგილობრივი ხელისუფლება საკუთარ მოსახლეობას (განსაკუთრებით ქალებს და გოგონებს) სთავაზობს დამატებით საინფორმაციო-საკონსულტაციო მომსახურებას, თავისუფალ, ღია სივრცეს, სადაც ვიზიტორებს შეეძლებათ კომპიუტერითა და ინტერნეტით, საბავშვო კუთხით, სხვადასხვა შეხვედრის მოსაწყობად საჭირო სივრცით, ბიბლიოთეკითა და სხვა მომსახურებით სარგებლობა. თითოეული მხარე ვალდებულებას იღებს, რომ “გენდერული თანასწორობის შესახებ” საქართველოს კანონის და მისი სამოქმედო გეგმის, ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსის და საქართველოს მიერ რატიფიცირებული საერთაშორისო კონვენციების ფარგლებში თითოეულმა მუნიციპალიტეტმა ეფექტურად იმუშაოს გენდერული თანასწორობის საკითხებზე და ხელი შეუწყონ ქალთა და მამაკაცთა თანაბარ ჩართულობას ადგილობრივ დონეზე გადაწყვეტილებების მიღების პროცესში”, – განუცხადა knews.ge–ს პროექტის “MOLI კახეთში” მედიასთან ურთიერთობის კოორდინატორმა ნესტან მერმანიშვილმა.