დაპირისპირება გურჯაანში – ბაზრის მოვაჭრეები შენობის დემონტაჟს აპროტესტებენ
მოვაჭრეები, ამ წუთებში, ბაზართან არიან შეკრებილები. ისინი ამბობენ, რომ ტერიტორიის დატოვებას არ აპირებენ, რადგან პროდუქციის გასაყიდად სხვა ალტერნატიული ადგილი არ გააჩნიათ.
“ვიცით, რომ დაკანონებული არ აქვთ ეს ტერიტორია და აქედან გასვლას არ ვაპირებთ. ხელმძღვანელობა გვეუბნება, რომ ბაზრიდან მოგება არ აქვს და საჭიროა ჩვენი აქედან გასვლა. მუქარითაც ცდილობენ ჩვენს გაშვებას, მაგრამ არ წავალთ“, – აღნიშნა მოვაჭრე ნინელი გამყრელიძემ.
გურჯაანის მუნიციპალიტეტის მერი ბაზრის მოვაჭრეებს უკვე შეხვდა და ჭავჭავაძის ქუჩაზე, ალტერნატიული ფართი შესთავაზა, რასაც პროტესტი მოჰყვა. როგორც knews.ge-ს არჩილ ხანდამაშვილმა განუცხადა, მოვაჭრეები ამ ტერიტორიაზე ბაზრის აშენებამდე იქნებიან.
“მე მოვაჭრეებთან შეხვედრა მქონდა. ჩვენი შევთავაზებაა, რომ დროებით გადავიდნენ ჭავჭავაძის ქუჩაზე მდებარე ტერიტორიაზე, სანამ ბაზარი აშენდება. დასუფთავების ხარჯს კი მერია დაფარავს. გარემოვაჭრეებს ვაძლევ იმის გარანტიას, რომ როგორც კი ბაზარი აშენდება, დაბრუნდებიან რეაბილიტირებულ ადგილას“ – განუცხადა knews.ge-ს არჩილ ხანდამაშვილმა.
ბაზრის ადმინისტრაციაში კი აცხადებენ, რომ ახალი ბაზრის მშენებლობა უახლოეს მომავალში დაიწყება, მოვაჭრეების წინააღმდეგობის გამო კი შესაძლოა, სამართალდამცავების ჩარევა გახდეს საჭირო.