მდინარე ალაზანში მამაკაცის ცხედარი იპოვეს
როგორც knews.ge-ს საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტოში განუცხადეს, მყვინთავებმა 10 მეტრი სიღრმის წყალში ცხედრის სამძებრო სამუშაოები დილით განაახლეს.
ამ დროისათვის გარდაცვლილის ცხედარი სამხარაული ექსპერტიზის ბიუროშია გადასვენებული.
არსებული ინფორმაციით, მამაკაცი ერთ-ერთ სახელმწიფო სამშენებლო კომპანიაში სატვირთო ავტომანქანაზე მძღოლად მუშაობდა, რომელიც თუშეთის გზის გაწმენდით სამუშაოებს ახორციელებს. მძღოლი შეგუბებული წყლის პირზე ალტერნატიული გზის გასაყვანად მანქანიდან ხრეშის დაყრას ცდილობდა, რომლის დროსაც ნაპირი ჩაიშალა და მძღოლი მანქანიანად წყალში გადავარდა. შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, მომხდარზე გამოძიება მიმდინარეობს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლის მეხუთე ნაწილით, რაც გულისხმობს ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას, რომელმაც გამოიწვია ადამიანის სიცოცხლის მოსპობა.