საქართველოში ტყის ეროვნული აღრიცხვა დაიწყო
გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილის, სოლომონ პავლიაშვილის განცხადებით, ტყის ეროვნული აღრიცხვა სატყეო პოლიტიკასთან დაკავშირებული პროცესებისა და სტრატეგიული დაგეგმვის საკითხში ძლიერი საინფორმაციო წყარო და ინსტრუმენტია.
“საქართველო ისტორიული ფაქტის მომსწრეა, რადგან ქვეყანაში პირველად აღირიცხება ტყე, ამის საფუძველზე კი იქმნება შესაძლებლობა ტყის რესურსების შესახებ სტატისტიკური ინფორმაციის მიღების, ტყის მდგომარეობაზე უწყვეტი მონიტორინგის განხორციელების და ტყესთან დაკავშირებული მონაცემების შესახებ საერთაშორისო ანგარიშგების წარმოების. ტყის ეროვნული აღრიცხვა მოიცავს ქვეყანაში არსებულ ყველა ტყეს, მმართველი ორგანოსა და დაცვის სტატუსის მიუხედავად. ტყის ეროვნული აღრიცხვის საფუძველზე შესაძლებელი იქნება ინფორმაციის მიღება როგორც ტყის ეკონომიკური მახასიათებლების, განვითარებისა და დეგრადაციის სტატუსის, ბიომრავალფეროვნების, ასევე კლიმატის ცვლილების ზემოქმედების შესახებ”, – განაცხადა სოლომონ პავლიაშვილმა.
საქართველოში ტყის პირველი ეროვნული აღრიცხვის პროცესი ხორციელდება გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის მხარდაჭერით, გერმანიის საერთაშორისო თანამშრომლობის (GIZ) პროგრამის “ბიომრავალფეროვნების ინტეგრირებული მართვა სამხრეთ კავკასიაში“ ფარგლებში.
გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის საელჩოს ეკონომიკური თანამშრომლობისა და განვითარების განყოფილების ხელმძღვანელმა, დანიელ ჰაასმა განაცხადა, რომ საქართველო მზად არის, განახორციელოს ფუნდამენტალური რეფორმა ტყის მდგრადი მართვის პრინციპების დანერგვის კუთხით.