ფრინველის გაყინული ხორცი შეფუთვის გარეშე ვეღარ გაიყიდება
აღნიშნული ვალდებულება ფრინველის გაყინული ხორცის მწარმოებლებისთვის 2018 წლის 1 აგვისტოდან ამოქმედდება.
მთავრობის 14 მაისის დადგენილების თანახმად, საცალო ვაჭრობაში მომხმარებლისათვის მიწოდების მიზნით ფრინველის გაყინული ხორცი შეფუთული უნდა იყოს.
“საცალო ვაჭრობაში (გარდა სადისტრიბუციო ტერმინალების, საზოგადოებრივი კვების ობიექტების, საწარმოებში არსებული სასადილოების, ორგანიზაციებში არსებული კვების ობიექტების, რესტორნებისა და სურსათთან დაკავშირებული მსგავსი მომსახურების გამწევი ობიექტების) განთავსებული გაყინული ხორცის ერთი შეფუთვა უნდა მოიცავდეს ფრინველის ერთ ტანხორცს ან ერთი სახეობის ფრინველის, მაქსიმუმ, ერთი ტანხორცის შესაბამის ნაწილებს. ამასთან, შეფუთვაზე განთავსებულ უნდა იქნეს ეტიკეტი საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესის შესაბამისად”, – აღნიშნულია დადგენილებაში.
გარდა ამისა, აღსანიშნავია, რომ „ცხოველური წარმოშობის სურსათის ჰიგიენის სპეციალური წესის შესახებ“ დადგენილებაში შესული ცვლილებების შედეგად, ბიზნესოპერატორმა, რომელიც ნედლ რძეს აწარმოებს ან/და აგროვებს, უნდა უზრუნველყოს, რომ პროდუქტი კანონმდებლობის შესაბამისად იდენტიფიცირებული ცხოველისაგან იყოს მიღებული. მთავრობის 14 მაისის დადგენილების ეს პუნქტი 2019 წლის 1-ლი იანვრიდან ამოქმედდება.