თუშეთში ბიზნესისთვის უწყება შეიქმნება, რომელიც ერთი ფანჯრის პრინციპით იმუშავებს
კახეთის გუბერნატორის განმარტებით, იმის გამო, რომ თუშეთის ადმინისტრაციული ერთეული შორს არის მუნიციპალური ცენტრისგან, სამშენებლო ნებართვების და სხვა დოკუმენტაციის მიღება ინვესტორებისგან დიდ დროსა და რესურსს მოითხოვს.
ირაკლი ქადაგიშვილის ინფორმაციით, აქედან გამომდინარე შეიქმნება აიპი ორგანიზაცია, რომელიც სხვადასხვა ფუნქციას შეასრულებს.
,,უწყებას შეეძლება სამშენებლო ნებართვების ადგილზე გაცემა, ბუნებრივი რესურსების მოხმარებაზე ლიცენზიის გაცემა და სხვა ფუნქციები, რომლებიც ადგილობრივი ინვესტორებისა და მოსახლეობისთვის საქმიანობის განსახორციელებლად არის საჭირო. თუშეთი არის დაცული ტერიტორია და იქ ეკონომკურ საქმიანობას ვერ განახორციელებ, როგორც სხვა ადგილზე. სწორედ ეს აიპი იქნება, რომელიც კავშირში იქნება ცენტრალურ ორგანოებთან და ადამიანს აღარ მოუწევს მთელი დღის გავლა, რომ ნებართვა აიღოს, მასალა, ფიქალი მოიპოვოს. ამ ყველაფერს უზრუნველყოფს ეს აიპი. მას ექნება გარემოს დაცვის სამინისტროსგანაც დელეგირება”,- აცხადებს კახეთის გუბერნატორი.
მისი განმარტებით, დაწესდება კონკრეტული რეგულაციები, რა რაოდენობის ხის მასალის მოჭრაა შესაძლებელი, როგორ უნდა მოიპოვებოდეს ფიქალი, რომ ბუნება არ დაზარალდეს და ა.შ.
ქადაგიშვილის ინფორმაციით, აიპის შექმნაზე ეკონომიკის სამინისტრო და სხვა დაინტერესებული უწყებები მუშაობენ.