ახალი ამბები

“ახტალის სანატორიუმის რეაბილიტაცია ტურიზმის განვითარებას შეუწყობს ხელს”

გიორგი უტიაშვილის თქმით, რეაბილიტაციის შემდეგ მათ მეტი ტურისტის მიღება შეეძლებათ, რაც შემოსავალს გაზრდის. 
“სეზონზე ახტალის სანატორიუმში 47 ადგილობრივი თანამშრომელი მუშაობს, მოხარული ვიქნები, თუ აუქციონის შემდეგ ისინი თავიანთ სამუშაო ადგილებზე დარჩებიან. დამსვენებელთა რაოდენობა ივლის-აგვისტოში საგრძნობლად მატულობს და სანატორიუმი, სადაც ამჟამად 69 ნომერი ფუნქციონირებს, მთლიანად ივსება“, – განაცხადა უტიაშვილმა. 
მისი ინფორმაციით, 2018 წლის საკურორტო სეზონი ბალნეოლოგიურ კურორტზე 15 მაისს გაიხსნა და სანატორიუმი დღეისათვის 5 დამსვენებელს მასპინძლობს. სეზონის განმავლობაში კი სასტუმროს 15 ნომერი წინასწარ არის დაჯავშნული.
შეგახსენებთ, რომ სახელმწიფო ქონების ეროვნულმა სააგენტომ პროექტის “50 ქონება შენი სასტუმროსთვის” ფარგლებში სს “კურორტ ახტალას” პროექტი აუქციონზე გუშინ გაიტანა. პროექტის საწყისი ღირებულება 3 755 000 ლარია. აუქციონი ერთი თვე გაგრძელდება და 15 ივნისს დასრულდება.