გურჯაანში გარემოვაჭრეები ალტერნატიულ ფართში გადასვლაზე უარს ამბობენ
როგორც knews.ge-ს არჩილ ხანდამაშვილმა განუცხადა, მოვაჭრეები ამ ტერიტორიაზე ბაზრის აშენებამდე იქნებიან.
“მე მოვაჭრეებთან შეხვედრა მქონდა. ჩვენი შევთავაზებაა, რომ დროებით გადავიდნენ ჭავჭავაძის ქუჩაზე მდებარე ტერიტორიაზე, სანამ ბაზარი აშენდება. დასუფთავების ხარჯს კი მერია დაფარავს. გარემოვაჭრეებს ვაძლევ იმის გარანტიას, რომ როგორც კი ბაზარი აშენდება, დაბრუნდებიან რეაბილიტირებულ ადგილას“ – განაცხადა არჩილ ხანდამაშვილმა.
მოვაჭრეები მერიის შეთავაზებაზე უარს ამბობენ და ისინი ტერიტორიის დატოვებას არ აპირებენ.
“მერმა შემოგვთავაზა, ჭავჭავაძის ქუჩაზე გამოგიყოფთ ადგილს და იქ გადადითო. არც დახლებია, არც გადახურულია და ამ შუაგულ მზეში ტრიალ მინდორზე უნდა დავდგეთ?! არსად გასვლას არ ვაპირებთ. იქ მყიდველი არ მოვა და ვეღარ ვივაჭრებთ. თუ ბაზარს დავტოვებთ, უკან აღარ დაგვაბრუნებენ“, – ამბობენ გლეხური ბაზრის მოვაჭრეები.
უცნობია, როდის დაიწყება თანამედროვე სტანდარტების ბაზრის მშენებლობა.