ახალი ამბები

თელავში ზოგადი უნარების გამოცდის იმიტაცია გაიმართება

ტესტირება 13 მაისს, თელავის მე-7 საჯარო სკოლაში, გაიმართება. როგორც knews.ge-ს შეფასებისა და გამოცდების ეროვნულ ცენტრში განუცხადეს, სადიაგნოსტიკო ტესტირების გავლის საშუალება ერთიანი ეროვნული გამოცდებისათვის დარეგისტრირებულ იმ აბიტურიენტებს ექნებათ, რომლებმაც საგამოცდო ცენტრად თელავი მიუთითეს და არ მიუღიათ მონაწილეობა 28 აპრილის ტესტირებაში. უწყების ინფორმაციით, აბიტურიენტები იმიტირებული გამოცდის შედეგს ტესტირების დასრულებისთანავე გაიგებენ.
“ტესტირებისათვის რეგისტრაცია 8 მაისს 16:00 საათზე დაიწყო. მსურველებმა რეგისტრაცია უნდა გაიარონ ცენტრის ვებგვერდზე www.naec.gov.ge. მონაწილეებს ეძლევათ უნიკალური შესაძლებლობა, შეამოწმონ საკუთარი თავი სპეციალურად ორგანიზებულ საგამოცდო სექტორში. პროექტის ფარგლებში გამოყენებული დავალებები არ გამოქვეყნდება. აბიტურიენტები იმუშავებენ ტესტის ბუკლეტზე, ხოლო პასუხებს აღნიშნავენ პასუხების ფურცელზე. ტესტის თითოეული – ვერბალური და მათემატიკური – ნაწილისათვის გამოყოფილია 1 საათიდა 35 წუთი. შესაბამისად, მთლიანად ტესტირება 3 საათსა და 10 წუთს გაგრძელდება”, – განუცხადეს knews.ge-ს შეფასებისა და გამოცდების გამოცდების ეროვნულ ცენტრში. 
შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის ინფორმაციით, “სანდოთანამგზავრი” პროექტ “goNaec”-ის ფარგლებში ტარდება და მე-12 კლასის მოსწავლეების ხელშეწყობას ითვალისწინებს. უწყების ცნობით, “სანდოთანამგზავრი” წელს ასევე სთავაზობს დამამთავრებელი კლასების მოსწავლეებს გამოსაშვები გამოცდების რეპეტიციას ონლაინ და ყოველკვირეულ რუბრიკას “ზოგადი უნარები სოფო დოლიძესთან ერთად”, სადაც ცენტრის ზოგადი უნარების ჯგუფის ხელმძღვანელი ტესტის სხვადასხვა ტიპის დავალებებს განიხილავს.