მთავრობა მცირე და საშუალო ბიზნესის განვითარებისთვის ახალ რეფორმას იწყებს
აღნიშნულ საკითხზე სამუშაო შეხვედრა გაიმართა, რომელშიც თურქეთის დელეგაცია, საქართველოს პარლამენტის, ფინანსთა, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროების, ეროვნული ბანკის, საპარტნიორო ფონდისა და საბანკო სექტორის წარმომადგენლები მონაწილეობდნენ.
ვიცე-პრემიერის, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის თქმით, შეხვედრაზე ყურადღება გაამახვილეს თურქეთის საკრედიტო საგარანტიო ფონდის მიერ შემოთავაზებულ მცირე და საშუალო ბიზნესის დაკრედიტების საგარანტიო მექანიზმებზე. დიმიტრი ქუმსიშვილის ინფორმაციით, აღნიშნული მექანიზმები თურქეთში წარმატებით ფუნქციონირებს და მნიშვნელოვნად უწყობს ხელს მცირე და საშუალო ბიზნესის დაკრედიტებას და ეკონომიკის რეალური სექტორის განვითარებას, რომელიც შესაბამისად აისახა დასაქმებასა და ეკონომიკური ზრდაზე.
„მცირე და საშუალო ბიზნესის განვითარებისა და აღნიშნული სეგმენტისთვის ფინანსებზე ხელმისაწვდომობის ზრდის მიზნით, ჩვენ კიდევ ერთ ახალ რეფორმას ვიწყებთ. საკრედიტო საგარანტიო მექანიზმი, რომელზეც დღეს ვსაუბრობდით, თავისი შინაარსით არის საგარანტიო ფონდი, რომელიც კომერციული ბანკებისთვის, მცირე და საშუალო ბიზნესის მიერ აღებული სესხების უკან დაბრუნების გარანტორად გამოდის. ჩვენ ღრმად ვართ დარწმუნებული, რომ აღნიშნული რეფორმა კიდევ ერთ სტიმულს მისცემს მცირე და საშუალო ბიზნესის განვითარებას საქართველოში და, შესაბამისად, ახალი სამუშაო ადგილების შექმნას“, – განაცხადა დიმიტრი ქუმსიშვილმა.