დაპირისპირება გურჯაანის საკრებულოში – ოპოზიცია ბიუჯეტის არამიზნობრივ ხარჯვაზე საუბრობს
შრომითი ხელშეკრულება გაუფორმდება 3 მძღოლს, ერთი კი გრაფიკოს-დიზაინერი იქნება, რომელიც მერიის საგარეო ურთიერთობების, საერთაშორისო პროექტებისა და ტურიზმის განვითარების განყოფილებაში დასაქმდება და ვებ-გვერდის დიზაინის მიმართულებით იმუშავებს. საიტის დიზაირის დასაქმებას აპროტესტებს ოპოზიცია. ფრაქცია „ნაციონალური მოძრაობის“ საბიუჯეტო სახსრების არამიზნობრივ ხარჯვაზე მიუთითებს.
თემურ ბუწაშვილისთვის გაუგებარია, რა ფუქნციები ექნება საგარეო ურთიერთობების, საერთაშორისო პროექტებისა და ტურიზმის განვითარების განყოფილების ახალ თანამშრომელს.
„ჩემთვის და საზოგადოების დიდი ნაწილისთვის, რომელთანაც გვქონდა ამ საკითხზე საუბარი, გაუგებარია, რაში ჭირდება მაგალითად 12 თვიანი ხელშეკრულება ადამიანს, რომელმაც უნდა შექმნას გვერდი. ჩემთვის წარმოუდგენელია, რა ფუქნციები უნდა ჰქონდეს მას დილის 10 საათიდან საღამოს 6 საათამდე. ამ თანამშრომლის ხელშეკრულებით აყვანა არის საბიუჯეტო სახსრების არამიზნობრივი და არარელევანტური ხარჯვა. მას ყოველთვიურად დაახლოებით 600 ლარი ექნება. მწირი ბიუჯეტის პირობებში, წელიწადში, ვებ-გვერდის ადმინისტრირებაში 6000 ლარზე მეტის გადახდა დაუსაბუთებელი ხარჯია. საიტის დიზაინერს შეიძლება გაუფორმდეს ერთჯერადი ხელშეკრულება, მუნიციპალიტეტმა მზა ვებ-გვერდში გადაიხადოს კონკრეტული თანხა და ეს გვერდი მართოს ტურიზმის განყოფილებაში უკვე დასაქმებულმა თანამშრომელმა“, – აღნიშნავს knews.ge-სთან საუბრისას თემურ ბუწაშვილი.
საიტის გრაფიკოს-დიზაირის ხელშეკრულებით აყვანას ეწინააღმდეგებიან სხვა ოპოზიცინოერი დეპუტატებიც. ფრაქცია „ევროპული საქართველოს“ თავმჯდომარე ვალერი ბარნაბიშვილი ადგილობრივი ხელისუფლების მხრიდან კანონდარღვევაზე მიუთითებს.
„მერიაში დაემატა სამსახურები, განყოფილებები, რომლებიც სხვადასხვა ფუნქციას ასრულებენ. ხელშეკრულებით დასაქმებული ადამიანების რაოდენობა კვოტორებულია და კანონით არის განსაზღვრული. გურჯაანის მუნიციპალიტეტის მერიამ ამ კვოტას 12 მოხელით გადააჭარბა. რაც შეეხება საიტის დიზაინერისა და ადმინისტრატორის ხელშეკრულებით აყვანას, ჩვენ არ ვეთანხმებით ამ გადაწყვეტილებას. არ არის საჭირო საიტის დიზაინერი ხელშეკრულებით დაასაქმო.“, – აცხადებს Knews.ge-სთან საუბრისას ვალერი ბარნაბიშვილი.
გურჯაანის მუნიციპალიტეტის მერიაში ოპოზიციას პასუხობენ. მერიის საერთაშორისო პროექტებისა და ტურიზმის განვითარების განყოფილებაში განმარტავენ, რომ ვებ-გვერდის გრაფიკოს-დიზაინერს კონკრეტული ფუნციები ექნება.
“სრული სიცრუეა, რომ თითქოს საიტის გრაფიკოს-დიზაინერს შრომითი ხელშეკრულება პოლიტიკური ნიშნით უფორმდება. საჭიროა ძალიან კარგად მომზადებული საიტი, თუ რა ობიექტები, ღირსშესანიშნაობებია გურჯაანის მუნიციპალიტეტში. საიტზე აბსოლუტურად ყველაფერი იქნება ჩაშლილი, მარშრუტები იქნება დატანილი. ამას სჭირდება გრაფიკოს დიზაინერი. იმ საიტს აიტის სპეციალისტი ვერ ააწყობს. ეს ვებ-გვერდი ტურიზმის განვითარებას შეუწყობს ხელს“, – ამბობს გურჯაანის მერიის საერთაშორისო პროექტებისა და ტურიზმის განვითარების განყოფილების უფროსი, ნინო ნინოშვილი.