გურჯაანის სამმა ბაღმა, სადაც სასწავლო პროცესი შეწყდა, მუშაობა განაახლა
სურსათის ეროვნული სააგენტოს ინსპექტორებმა ბაღებს საწარმოო პროცესი 5 მაისს შეუჩერეს.
გურჯაანის ბაღების გაერთიანების ხელმძღვანელი ლელა თევდორაშვილი აცხადებს, რომ სეს-ის მიერ სკოლამდელი აღზრდის დაწესებულებების შემოწმების აქტი ამ დრომდე არ ჩაბარებია.
“შემოწმების აქტი არ მიმიღია, შესამაბისად იურიდიულად არც გვევალებოდა ბაღები დაგვეხურა, მაგრამ გავითვალისწინეთ მოთხოვნები და შაბათ-კვირას სამზარეულოში რემონტი ჩავატარეთ. გამონაკლისია სოფელ ბაკურციხის ბაღის სამზარეულო. იქ დღეისთვის ვერ მოხერხდა რემონტის დასრულება, სამზარეულო დროებით სხვა ოთახში მოვაწყეთ და ასე რომ, ეს ბაღიც არაა დაკეტილი“, -განაცხადა თევდორაშვილმა.
სურსათის ეროვნულ სააგენტოში ამბობენ, რომ გურჯაანის ბაღების გაერთიანებას შემოწმების აქტი ფოსტით გადაეგზავნა და დოკუმენტების ჩაბარება დასვენების დღეების გამო შეფეხდა.