,,თვითმმართველი ქალაქების გაუქმება ევროკავშირის პრინციპებს ეწინააღმდეგება”
თელავის ორად გაყოფის პროცესი ადგილობრივი თვითმმართველობის რეფორმის შედეგად 2014 წელს დაიწყო და თელავის მუნიციპალიტეტის ქონებისა და ბიუჯეტის განცალკევებით დასრულდა. 2017 წლის ივნისში საქართველოს პარლამენტმა მიიღო „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსში“ შესატანი ცვლილებები, რომელიც თვითმმართველი 7 თვითმმართველი ქალაქის, მათ შორის, გაუქმებას ითვალისწინებდა. პარლამენტის მიერ მიღებულ ცვლილებებს პრეზიდენტმა ვეტო დაადო. გიორგი მარგველაშვილი აცხადებდა, რომ 12-დან 5-მდე თვითმმართველი ქალაქების შემცირება ქვეყანაში თვითმმართველობის გაძლიერებას ხელს შეუშლიდა. პარლამენტმა პრეზიდენტის ვეტო დაძლია და შედეგად 7 თვითმართველი ქალაქი სათემო მუნიციპალიტეტებთან გაერთიანდა.
თვითმმართველობის ექსპერტი კოტე კანდელაკი აცხადებს, რომ აღნიშნული გადაწყვეტილება ხელისუფლებამ ერთპიროვნულად მიიღო. მისი თქმით, თვითმმართველი ქალაქების შემცირება ევროკავშირის მოთხოვნებთან და ევროპული ქარტიის პრინციპებთან წინააღმდეგობაში მოდის.
,,ეს პროცესი პირდაპირ არ ეწინააღმდეგება ასოცირების ხელშეკრულებას. იქ ამ საკითხზე არაფერია ნათქვამი და ტერიტორიული მოწყობა თავად ქვეყნის გადასაწყვეტია. ამ გაერთიანების პროცესი კი როგორც წარიმართა არ იყო ნამდვილად შესაბამისობაში ევროკავშირის მოთხოვნებთან. ამ საკითხზე არ გამართულა კონსულტაციები მოსახლეობასთან, არ ყოფილა მათი მოსაზრებები მოსმენილი და აშ. ეს მოსახლეობის ჩართულობასაც ართულებს. ის ყველა საუბრობს იმაზე, რომ თვითმმართველობა უნდა გაძლიერდეს და ჩართულობა გაიზარდოს და მეტი შესაძლებლობები უნდა ჰქონდეს, თუმცა ფაქტიურად საპირისპირო ნაბიჯი გადაიდგა’’, – განუცხადა knews.ge-ს კოტე კანდელაკმა.
მისივე ინფორმაციით, არასამთავრობო ორგანიზაცია „სამოქალაქო კულტურის საერთაშორისო ცენტრმა” თელავის გაყოფის და შემდეგ გაერთიანების საკითხზე კვლევა ჩაატარა, რომლის მიხედვითაც აღმოჩნდა, რომ თელავის ორად გაყოფის შემდეგ ქალაქსა და სოფლებში ბევრი მნიშვნელოვანი პრობლემა მოგვარდა.
არასამთავრობო ორგანიზაცია „რეგიონის განვითარების ცენტრის“ დირექტორი მიიჩნევს, რომ განსხვავებული სპეციფიკიდან და საჭიროებებიდან გამომდინარე მნიშნელოვანია, როგორც ქალაქს ისე თემს ჰქონდეს საკუთარი ბიუჯეტი. ლიზი სოფრომაძე მიუთითებს, რომ მუნიციპალიტეტების გაერთიანებით შეიზღუდა როგორც ქალაქების, ისე სოფლების გაძლიერების შესაძლებლობა, რაც ევროკავშირის პრინციპებს ეწინააღმდეგება.
„2014 წლიდან, როდესაც გაიყო თელავი ორად, სოფელსაც გაუჩნდა ბიუჯეტი, რაც ძალიან მნიშვნელოვანი იყო პრობლემების მოგვარებისთვის. ადრე ყოველთვის იყო ჭიდილი ქალაქის და სოფლის ინტერესს შორის და მეტი თანხა ქალაქისთვის იხარჯებოდა. გაერთიანებით კი ქალაქის განვითარებაც შეიზღუდა და სოფლებისაც, ეს კი ევროკავშირის მოთხოვნებთან შესაბამისობაში არ მოდის’’,– განუცხადა knews.ge-ს ლიზი სოფრომაძემ.
ქალაქში მცხოვრებ მოსახლეობის ნაწილი ფიქრობს, რომ მუნიციპალიტეტების გაერთიანებით დეცენტრალიზაციის მთავარი პრინციპი დაირღვა. არჩილ მჭედლიშვილი აღნიშნავს, რომ ხელისუფლების ეს გადაწყვეტილება დემოკრატიულ ღირებულებებს ეწინააღმდეგება.
,,თელავს ეკუთვნის თვითმმართველი ქალაქის სტატუსი, ამას წლების განმავლობაში ვითხოვდით. თვითმმართველი ქალაქის გაუქმება დეცენტრალიზაციის მთავარი პრინციპის, დემოკრატიული მმართველობის ხელშეშლისკენ დიდი ნახტომია‘’,– ამბობს არჩილ მჭედლიშვილი.
თელავის მუნიციპალიტეტის მერი კი არ ეთანხმება მოსაზრებას, რომ მუნიციპალიტეტების გაერთიანება წინააღმდეგობაში მოდის ევროპულ ღირებულებებთან. შოთა ნარეკლიშვილი მიუთითებს, რომ თვითმმართველი ერთეულების გაერთიანება ხელს არ შეუშლის ქალაქისა და სოფლების განვითარებას.
,,არავითარ შემთხვევაში არ მოხდება გაერთიანებუილი ბიუჯეტიდან თანხების დიდი ნაწილის გახარჯვა ქალაქზე, ჩვენ თანაბრად ვიზრუნებთ ქალაქზეც და სოფლებზეც. 2018 ჩვენი ბიუჯეტის ნახევარს დავხარჯავთ ინფრასტრუქტურული პროექტების განხორციელებაზე თანაბრად, როგორც სოფელზე ასევე ქალაქზე’’,- განუცხადა Knews.ge-ს შოთა ნარეკლიშვილმა.
წინამდებარე სტატია მომზადებულია GIZ-ის (Deutsche Gesellschaft für Internationale Zusammenarbeit) ფინანსური მხარდაჭერით. GIZ არ იღებს პასუხისმგებლობას სტატიის შინაარსობრივ სისწორეზე.