თელავის მე-5 და პოლონეთის პოზნანის ოლქის სკოლებს შორის მემორანდუმი გაფორმდება
როგორც knews.ge-ს მე-5 საჯარო სკოლის დირექტორმა ლია ლეშკაშელმა განუცხადა, მემორანდუმი ითვალისწინებს ერთობლივი ღონისძიებების ჩატარებასა და სასწავლო მიმართულებით მჭიდრო თანამშრომლობას.
,,ქალაქ თელავის მე-5 საჯარო სკოლა და პოლონეთში პიბიედზისკას კაზიმიერ ვიელკის სახელობის სკოლა (პოზნანის ოლქი) დამეგობრდნენ. ივნისში ჩვენი სკოლა უმასპინძლებს პოლონური სკოლის დირექციის წარმომადგენლებს. შემოდგომაზე კი ჩვენი სკოლის წარმომადგენლები პოლონეთში გაემგზავრებიან. მემორანდუმის საფუძველზე ორი სკოლის მოსწავლეები და მასწავლებლები გაცვლითი პროგრამით ეწვევიან ერთმანეთს. მემორანდუმის ფარგლებში ევროპული განათლების სისტემას უკეთ გავეცნობით და ამავე დროს სკოლები ერთმანეთს გამოცდილებას გავუზიარებთ. ეს ჩვენი სკოლისთვის და პედაგოგებისთვის ძალიან მნიშვნელოვანია. ერთი წელია მე ამ პროექტზე ვმუშაობ და მიხარია, რომ შედეგი გამოიღო. გარდა ამისა, თელაველი ქალბატონის, ლეილა ხოლუაშვილის და მისი ოჯახის წევრების დახმარებით, რომლებმაც პოლონელ ბიზნესმენებთან და სკოლის დირექციასთან დაგვაკავშირეს, მე-5 სკოლას გადმოეცა 4 000 ლარის ღირებულების მეტალო-პლასტმასის 11 კარები, რომელიც უკვე ჩავსვით’’,- განუცხადა Knews.ge-ს ლია ლეშკაშელმა.
მისივე ინფორმაციით, პოლონეთის გარდა, მე-5 საჯარო სკოლა საქართველოში მოქმედ რამდენიმე უმაღლეს სასწავლებელთანაც თანამშრომლობს, რაც მის გაძლიერებას უწყობს ხელს.
,,ჩვენი სკოლა გახდა ფრანკოფონური. საფრანგეთიდან მოვიპოვეთ დაფინანსება. მოსწავლეებს ფრანგულს გაძლიერებულად ვასწავლით. სკოლაში პირველი კლასიდან ისწავლება ინგლისური ენა, მეორედან – ფრანგული და მეხუთედან – რუსული. გარდა ამისა, მემორანდუმები, ასევე, გაფორმებული გვაქვს ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტთან, აგრარულ უნივერსიტეტთან, თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტთან და ძალიან ბევრი მიმართულებით აქტიურად ვმუშაობთ, რათა ჩვენმა მოსწავლეებმა კარგი განათლება მიიღონ’’,- აღნიშნა ლეშკაშელმა.