პროფესიული სასწავლებლების სტუდენტებს უნივერსიტეტში ჩაბარების შესაძლებლობა ექნებათ
„პროფესიული განათლების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილებათა პაკეტს მთავრობის დღევანდელ სხდომაზე დაამტკიცებენ. პრემიერ-მინისტრმა მთავრობის სხდომაზე განაცხადა, რომ დაგეგმილი ცვლილებებით, პროფესიული სასწავლებლების სტუდენტებს შეეძლებათ, 12 კალსის ატესტატი მიიღონ და გააგრძელონ სწავლა უმაღლეს სასწავლებელში. გიორგი კვირიკაშვილის ინფორმაციით, პროფესიულ განათლებაში იგეგმება გერმანიაში, ავსტრიასა და შვეიცარიაში აპრობირებული მოდელების დანერგვა.
„პროფესიულ განათლებაში ზოგადი განათლების საშუალო საფეხურის ინტეგრაცია ხდება, ანუ ჩნდება ატესტატის მიღების და პროფესიული განათლებიდან უმაღლესი განათლების საფეხურზე გადასვლის შესაძლებლობა. ცვლილებეები ასევე ქმნის პროფესიული განათლების საფეხურზე მიღებული კრედიტების უმაღლესი განათლების საფეხურზე ჩართვის შესაძლებლობას. მოხდება სამუშაოზე დაფუძნებული, ანუ ე.წ. დუალური სწავლების ფორმის განსაზღვრა და მისი პრიორეტიზაცია. ცვლილებები ასევე აჩენს ერთობლივი და გაცვლითი პროგრამების განხორციელების შესაძლებლობას. ჩამოყალიბდება პროფესიული მომზადების და გადამზადების სისტემა არა მხოლოდ ახალგაზრდებისთვის, არამედ ზრდასრულთათვის. განხორციელდება მრავალფეროვანი საგანმანათლებლო პროგრამები, რომელთა მიზანი ერთ შემთხვევაში შეიძლება იყოს კვალიფიკაციის მინიჭება, მეორე შემთხვევაში, ცალკეული კომპეტენციების განვითარება, ცოდნის გაღრმავება, გადამზადება“, – განაცხადა გიორგი კვირიკაშვილმა.