საჯარო სკოლები მზის ენერგიის პანელებით აღიჭურვება
განათლებისა და მეცნიერების მინისტრის, მიხეილ ჩხენკელის ინფორმაციით, პირველ ეტაპზე, ქვეყნის მასშტაბით, 10-15 სკოლა შეირჩევა.
„10-15 სკოლით დავიწყებთ პირველ ეტაპზე. პირველი სკოლები, სადაც ეს დამონტაჟდება, იქნება არა მხოლოდ თბილისში, არამედ მთელ საქართველოში. ჯერ გადაწყვეტილი არ არის, თუ რომელი სკოლებით დაიწყება, ამას სამუშაო ჯგუფი შეარჩევს“, – განაცხადა მიხეილ ჩხენკელმა.
მინისტრის თქმით, სკოლების მზის ენერგიით აღჭურვა მნიშვნელოვანია როგორც ეკოლოგიური, ისე საგანმანათლებლო კუთხით.
„აზიის განვითარების ბანკთან შეხვედრის დროს მრავალ პროექტზე ვისაუბრეთ. ის კონკრეტული პროექტი, რითაც დავიწყებთ თანამშრომლობის ახალ ფაზას, არის სწორედ მზის ენერგიის დამონტაჟება სკოლებში მზის ენერგიის გამოყენების თვალსაზრისით. დავიწყებთ რამდენიმე საპილოტე სკოლით. ახლა მიმდინარეობს დაკონკრეტება სამოქმედო გეგმის სამუშაო ჯგუფის ბაზაზე, თუ რომელ სკოლებში დავიწყებთ და რა მასშტაბის იქნება ეს პროექტი. ორი მნიშვნელოვანი ასპექტი მინდა გამოვყო ამ პროექტის. პირველი არის ის, რომ ენერგიის სუფთა წყაროს გამოყენებით მოხდება სკოლების უზრუნველყოფა, მაგრამ მთავარი, რაც ამ პროექტს ახლავს, არის საგანმანათლებლო დანიშნულება. მასწავლებლებს და მოსწავლეებს საშუალება ექნებათ, რომ თვალნათლივ იხილონ ის ეკოლოგიური უპირატესობა, რაც გააჩნია მზის ენერგიის გამოყენებას. ჩვენი მოსწავლეებისთვის ამ პროექტის საგანმანათლებლო დატვირთვას აქვს უაღრესად დიდი მნიშვნელობა. ისინი საკუთარი სკოლების მაგალითზე იხილავენ, რომ ალტერნატიული წყაროები ენერგიის, უაღრესად მნიშვნელოვანია“, – განაცხადა ჩხენკელმა.