ოჯახური დანაშაულის საქმეებზე მხოლოდ სპეციალიზებული გამომძიებლები იმუშავებენ
საქართველოს მთავარ პროკურორის განცხადებით, დანაშაულის საქმეებზე სპეციალიზაციის პროცესის განხორციელება უმნიშვნელოვანესი ინიციატივაა, რომელიც პირდაპირ აისახება გამოძიების საქმიანობის ხარისხის ამაღლებასა და დაზარალებულთა ინტერესების დაცვაზე. ირაკლი შოთაძის თქმით, ოჯახური დანაშაულის წინააღმდეგ ეფექტიანი ბრძოლა, პრევენციული მექანიზმების დახვეწა, სისტემის წარმომადგენელთა კვალიფიკაციისა და საქმიანობის ხარისხის ამაღლება საქართველოს პროკურატურისთვის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი პრიორიტეტია.
,,საქართველოს პროკურატურაში ოჯახური დანაშაულის საქმეებზე სპეციალიზაცია სულ 101-მა პროკურორმა და სისტემის გამომძიებელმა გაიარა. სასწავლო პროგრამა, რომელიც გაეროს ქალთა ორგანიზაციის მხარდაჭერით განხორციელდა, ეროვნულ და საერთაშორისო სამართლებრივ ნორმებთან ერთად, ძალადობის შედეგად დაზარალებულებთან სწორი კომუნიკაციის უნარებსა და ფსიქოლოგიურ ასპექტებს მოიცავდა’’,-აღნიშნა ირაკლი შოთაძემ.
პროკურატურის ინფორმაციით, გასულ წელთან შედარებით რეგიონებში ოჯახური დანაშაულის რიცხვი გაიზარდა, აღნიშნული ცვლილება კი პირდაპირ აისახება დაზარალებულთა ინტერესების და უფლებების უკეთ დაცვაზე.
შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, კახეთის რეგიონში, 1 იანვრიდან დღემდე, ოჯახური დანაშაულის ჩადენის ბრალდებით 68 პირია დაკავებული.
,,შინაგან საქმეთა სამინისტროს სტრუქტურული ერთეულების ერთობლივი მუშაობის შედეგად, პოლიციაში მიმართვიანობის მაჩვენებელი გაიზარდა. 2017 წლის პირველ სამ თვეში გამოძიება დაიწყო ოჯახური დანაშაულის ნიშნების შემცველ 530 შეტყობინებაზე, ხოლო 2018 წლის ანალოგიურ პერიოდში ორჯერ მეტ – 1 179 შეტყობინებაზე, რაც ადასტურებს, რომ პოლიციისადმი ნდობა გაზრდილია როგორც ძალადობის მსხვერპლთა, ასევე, აღნიშნული დანაშაულის შესახებ ინფორმაციის მქონე პირთა მხრიდან, თუმცა ამ მიმართულებით გაწეული ძალისხმევისა და მომართვიანობის მნიშვნელოვნად ზრდის პარალელურად, არსებობენ მსხვერპლები, რომლებიც თავს იკავებენ სამართალდამცველებთან თანამშრომლობისგან, არ ატყობინებენ დანაშაულის შესახებ პოლიციას ან შეტყობინების შემდეგ უარს აცხადებენ მოძალადის წინააღმდეგ ჩვენების მიცემაზე, რაც მოძალადეს უბიძგებს ახალი და, როგორც წესი, უფრო მძიმე ძალადობის ჩადენისაკენ’’,- განაცხადეს შინაგან საქმეთა სამინისტროში.