კახეთში დამზადებული საოჯახო ღვინო ჩეხეთში იყიდება
“მილორაულის” დამფუძნებელი სანდრო მილორავა აცხადებს, რომ მარანს ჩეხი მეღვინეები თავად ესტუმრნენ და საექსპორტოდ ქვევრში დაყენებული “საფერავი“ შეარჩიეს, რომელიც ჩეხეთში მარტში გაიგზავნა.
მარანი თელავის ცენტრში, “მილორავების საოჯახო სასტუმროს“ ტერიტორიაზე, მდებარეობს, სადაც სანდრო მილორავა საავტორო ღვინოებს სამი წელია ამზადებს. როგორც knews.ge-ს მილორავამ განუცხადა, მარნის აშენების იდეა ტურიზმის განვითარებას უკავშირდება.
“20 წელია, რაც საოჯახო სასტუმრო თელავში გვაქვს. რადგან ამ ბაზარზე კონკურენცია დიდია, მინდოდა სტუმრებისთვის რაღაც ახალი შემეთავაზებინა და დავიწყე ჩემი ღვინის წარმოება, იმდენად გემრიელი საქმეა, რომ საოჯახო სასტუმრო დამრჩა უკან. ახლა ვფიქრობთ წარმოების გაზრდაზე, რისთვისაც ახალი მარნის აშენებას ვაპირებთ. თელავთან ახლოს ოჯახის კუთვნილი საგვარეულო მიწები გვაქვს და გვინდა, ახალი მარანი იქ მოვაწყოთ”,- განაცხადა სანდრო მილორავამ.
ამჟამად მარანში ქვევრის რამდენიმე სახის ღვინოს აყენებენ. სანდრო მილორავას ინფორმაციით, მაქსიმალური წარმადობა 4200 ბოთლია, რომელიც ორჯერ აღემატება იმ რაოდენობას, რაც პირველ წელს აწარმოეს. მარანი “მილორაულის“ ღვინოები ღვინის სპეციალიზებულ მაღაზიებში და კაფეებშიც იყიდება. პროდუქციის ფასი 40 ლარიდან იწყება.