ახალი ამბები

სამუშაოს მაძიებლებისთვის გადამზადების პროგრამის ახალი ეტაპი იწყება

სააგენტოს დასაქმების პროგრამების დეპარტამენტის უფროსის განცხადებით, პროგრამა შრომის ბაზარზე მოთხოვნად პროფესიებში სამუშაოს მაძიებელთა პროფესიულ მომზადება-გადამზადებასა და სტაჟირებას ითვალისწინებს და მისი მიზანია მათი კონკურენტუნარიანობის ამაღლება და შემდგომში დასაქმების ხელშეწყობა. 
მარი ბაზერაშვილის ინფორმაციით, სოციალური მომსახურების სააგენტოს მოკლევადიანი მომზადება-გადამზადების პროგრამები წინასწარ ჩატარებული შრომის ბაზრის კვლევის საფუძველზე შემუშავდა. კვლევის შედეგად გამოვლინდა 51 საქმიანობა, რომლებზეც მოთხოვნა იზრდება. 
“ბაგა-ბაღის აღმზრდელი, ექთნის თანაშემწე, ვებპროგრამისტი, მოლარე, სარეკლამო აგენტი, სტილისტი, მდივან-რეფერენტი, შემდუღებელი, ბუღალტერი, -ეს იმ პროფესიების არასრული ჩამონათვალის, რომლებზეც მოთხოვნა იზრდება. ჩვენ ვიწყებთ პროფესიული მომზადება-გადამზადებისა და კვალიფიკაციის ამაღლების სახელმწიფო პროგრამის ახალ ეტაპს. მოკლევადიანი მომზადება-გადამზადების კურსების ხანგრძლივობა 2-4 თვეა. სწავლის საფასურის დასაფარად მსურველზე ერთი ვაუჩერი გაიცემა, რომლის მაქსიმალური ოდენობა შეზღუდული შესაძლებლობების და სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროებების მქონე მოქალაქეებისთვის შეადგენს 1500 ლარს, ხოლო სხვა პირებზე – 1000 ლარს. პროფესიულ კურსებს საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს მიერ შერჩეული 44 აკრედიტირებული პროფესიული საგანმანათლებლო დაწესებულება ჩაატარებს. მოკლევადიანი კურსების გარდა, სოციალური მომსახურების სააგენტო დაინტერესებულ პირებს კერძო დაწესებულებებში სტაჟირების გავლაში დაეხმარება. იმ შემთხვევაში, თუ სტაჟირების გავლის მსურველი დააკმაყოფილებს კერძო ორგანიზაციის მოთხოვნებს, ვაკანტურ ადგილზე სტაჟირებისთვის სტაჟიორს სახელმწიფო ყოველ თვე, მაქსიმუმ 3 თვის განმავლობაში, სტიპენდიის სახით – 200 ლარს გადაუხდის”,- განუცხადა საინფორმაციო სააგენტო “ttimes.ge”-ს მარი ბეზარაშვილმა.
მისივე თქმით, პროგრამაში ჩაერთვებიან საქართველოს მოქალაქეები 16 წლის ასაკიდან, რომლებიც რეგისტრირებულები არიან შრომის ბაზრის მართვის საინფორმაციო სისტემა – www.worknet.gov.ge-ზე.
პროგრამაში ჩართვისთვის სამუშაოს მაძიებელთა რეგისტრაცია 30 აპრილს დაიწყება და 4 მაისამდე გაგრძელდება. პროგრამაში ჩართვისას უპირატესობა მიენიჭებათ სოციალურად დაუცველებს, შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირებს, პრობაციონერებს და ა.შ.