კახეთის მუნიციპალიტეტები ენერგოეფექტურობის სამოქმედო გეგმას შეიმუშავებენ
როგორც knews.ge-ს კახეთის გუბერნატორის ადმინისტრაციაში განუცხადეს, თვითმმართველი ერთეულები ტრანსპორტის, გარე განათების, გამწვანებისა და ინფრასტრუქტურის მიმართულებებით სხვადასხვა აქტივობას განახორციელებენ.
„25-26 აპრილს, კახეთის მხარეში სახელმწიფო რწმუნებულის – გუბერნატორის ადმინისტრაციის კოორდინირებით და კახეთის რეგიონული განვითარების სააგენტოს ორგანიზებით, სასტუმრო „ლოპოტა“-ში პროექტის „მერების შეთანხმება აღმოსავლეთი“ფარგლებში, გაიმართება 2 დღიანი სამუშაო შეხვედრა, რომელიც ეძღვნება „მდგრადი ენერგეტიკისა და კლიმატის ერთობლივი სამოქმედო გეგმის“ (SECAP) შემუშავების საკითხებს. შეხვედრა 10 საათზე დაიწყება“, – განაცხადეს კახეთის გუბერნატორის ადმინისტრაციაში.
ევროკავშირის ფართომასშტაბიან ინიაციატივას – „მერების შეთანხმება – აღმოსავლეთი“ შეურთდა ახმეტის, გურჯაანის, საგარეჯოს, დედოფლისწყაროს, ყვარლის, ლაგოდეხისა და სიღნაღის მუნიციპალიტეტის მუნიციპალიტეტის მერიები მიმდინარე წლის 15 მარტს შეუერთდნენ. თელავის მუნიციპალიტეტის მერია აღნიშნულ პროგრამაში 2014 წლიდან არის ჩართული.
როგორც knews.ge-ს ევროკავშირის საგანგებო და სრულუფლებიანმა დესპანმა საქართველოში ვინსენტ რეიმ განუცხადა, მერების შეთანხმება აერთიანებს ადგილობრივ და ცენტრალურ მთავრობებს, რომლებიც ნებაყოფლობით იღებენ ვალდებულებას, გაზარდონ ენერგოეფექტურობა და განახლებადი წყაროების გამოყენება მათ დაქვემდებარებაში მყოფ ტერიტორიებზე. მისივე ინფორმაციით, შეთანხმების ხელმომწერნი მუნიციპალიტეტების მერები ვალდებულები არიან, ენერგოეფექტურობისა და განახლებადი ენერგიის წყაროების გამოყენების საშუალებით 2030 წლისთვის 30%-ით მაინც შეამცირონ CO2-ის ემისია.
2008 წელს ევროკავშირის კლიმატისა და ენერგო პაკეტის მიღების შემდეგ ევროკომისიის ინიციატივით შეიქმნა მერების შეთანხმება, რათა წაეხალისებინა და დახმარება გაეწია ადგილობრივი ხელისუფლებებისთვის ენერგეტიკის მდგრადი პოლიტიკის განხორციელებაში.