ახალი ამბები

იტალიაში ქართული ღვინის მაღაზია გაიხსნა

კომპანიის დირექტორის, გიორგი ეზუგბაიას ინფორმაციით, პირველი ქართული ბრენდული ღვინის მაღაზია იტალიაში, ქალაქ ბარში ამოქმედდა. 
“მსოფლიოში ღვინის წარმოების ლიდერის სტატუსს იტალია დღემდე ინარჩუნებს, ამიტომ ამ ქვეყანაში ქართული ღვინის ბრენდული მაღაზიის გახსნა, როგორც ქვეყნისთვის, ასევე კომპანიისთვის უკვე დიდი წარმატებაა. ამ სიახლემ უკვე გამოიწვია ადგილობრივ საზოგადოებაში დიდი ინტერესი, როგორც კომპანიის, ასევე ზოგადად ქართული ღვინის მიმართ. კომპანიის მიზანია მომავალში მსოფლიოს მასშტაბით საფირმო მაღაზიებით ბაზარზე პოზიციონირების გამყარება”- განაცხადა გიორგი ეზუგბაიამ. 
“მეღვინეობა ხარებას” მაღაზია ტურისტულ ცენტრში მდებარეობს, სადაც კომპანიის მიერ წარმოებული პროდუქციის მთლიანი ასორტიმენტია წარმოდგენილი.
კომპანიაში აცხადებენ, რომ პირად საკუთრებაში 1500 ჰექტარი მიწა აქვთ, რომელზეც გაშენებულია უნიკალური ქართული და ევროპული ვაზის ჯიშები, საიდანაც შესაბამისად მზადდება მაღალი ხარისხის ღვინოები. ღვინოს აღმოსავლეთში, კერძოდ, კახეთში აწარმოებენ და დასავლეთში – იმერეთში, რაჭასა და ლეჩხუმში.
მეღვინეობა ხარებას გაშენებული აქვს კაბერნეს, შარდონეს, სოვინიონის, მუსკატის, პინოსა და მერლოს ჯიშის ყურძენი. საწარმო, ასევე, ხელს უწყობს იმ იშვიათი ჯიშების მოშენებას, როგორებიცაა: ოცხანური საფერე, ციცქა, ცოლიკოური, კრახუნა, ალადასტური, უსახელოური, ხიხვი და ქისი.