დაპირისპირება თელავის საკრებულოში – ოპოზიცია პოლიტიკურ ანგარიშსწორებაზე საუბრობს
წარმომადგენლობითი ორგანოს წევრებს შორის სიტყვიერი შელაპარაკება მას შემდეგ დაიწყო, რაც ცნობილი გახდა, რომ სოფელ რუისპირის შიდასაუბნო გზების მოასფალტებისთვის გამოყოფილი თანხა სოფლების კისისხევისა და ვარდისუბნის სტადიონების კეთილმოწყობას მოხმარდება. საკრებულოს წევრების უმრავლესობამ აღნიშნულ საკითხს მხარი დაუჭირა. ოპოზიციონერმა დეპუტატებმა სოფლისთვის გამოყოფილი თანხის გადამისამართება გააპროტესტეს.
“ევროპული საქართველო“ აღნიშნულ გადაწყვეტილებას პოლიტიკურ ანგარიშსწორებად აფასებს. “ევროპული საქართველოდან” თელავის საკრებულო წევრის, ლელა მენთეშაშვილის მტკიცებით, სოფლისათვის გამოყოფილი თანხის გადამისამართების მიზეზი არის რუისპირში 2017 წლის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებში ოპოზიციონერი კანდიდატის გამარჯვება.
,,მიზანმიმართულად მიმდინარეობს ჩვენი პარტიის წევრების და ამომრჩევლების დასჯა. 2017 წლის დასაწყისში რეგიონალური განვითარების ფონდიდან, 10 000 ლარი სოფელ რუისპირის შიდა საუბნო გზების მოასფალტებისთვის გამოიყო. მას შემდეგ რაც არჩევნებზე სოფელში ჩვენმა კანდიდატმა, ზურაბ ნაცარაშვილმა გაიმარჯვა, ამის გამო შეიცვალა სიტუაცია და სოფელ ეს თანხა მიზანმიმართულად წაართვეს. დღეს საკრებულომ აღნიშნული თანხა სოფელ ვარდისუბანსა და კისისხევიში სტადიონების კეთილმოწყობისთვის გადაანაწილა. ჩვენ მივესალმებით და ძალიან კარგია, როცა ახალგაზრდებს სოფელში აქვთ შესაძლებლობა, ჰქონდეთ სტადიონი რომ ივარჯიშონ, მაგრამ ეს არ უნდა მოხდეს სხვა სოფლის ხარჯზე. საკრებულოში გვეუბნებიან, რომ აზრი არ აქვს გზის მოასფალტებას, რადგან სოფელში წყლის გაყვანილობა არის მწყობრიდან გამოსული. მაშინ ჯერ წყლის სისტემის რეაბილიტაცია მომხდარიყო, ან აღნიშნული თანხით ჩვენივე სოფელში გაეკეთებინათ თუნდაც სტადიონი. ეს არის მოსახლეობის დასჯა იმისთვის, რომ მათ ოპოზიციონერი დეპუტატი აირჩიეს’’,– განუცხადა knews.ge-ს ლელა მენთეშაშვილმა.
მენთეშაშვილი ადგილობრივ თვითმმართველობას მათი მხარდამჭერების პოლიტიკური მოტივით ჩაგვრაში ადანაშაულებს. ლელა მენთეშაშვილის თქმით, სოფელ ფშაველში, გაზიფიცირების სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში, ყველა მოსახლეს, მათი პარტიის მხარდამჭერის გარდა, ბუნებრივი აირი სახლამდე მიუყვანეს.
,,ბუნებრივი აირი სოფელში მხოლოდ ერთ მოსახლეს, ელიკო მეტრეველს არ მიუყვანეს სახლამდე. ეს ქალბატონი არჩევნებზე იყო ჩვენი კანდიდატი და გვაქვს გონივრული ეჭვი, რომ ადგილობრივმა თვითმმართველობამ ეს სპეციალურად გააკეთა. მან ამ საკითხზე ბევრი იარა და მერიაში უთხრეს, რომ იმის გამო, რომ აქ ფერმის აშენებას გეგმავდა, აღრიცხვაში ვერ მოხვდა. ამ დროს კი ქალბატონი ჩაწერილია სოფელში, აქვს სახლი და არჩევნებზე მონაწილეობას იღებს იმ სოფელში’’,– აღნიშნა ლელა მენთეშაშვილმა.
“ევროპული საქართველოს” ბრალდებებს თელავის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე უსაფუძვლოს უწოდებს. არჩილ თხლაშიძის შეფასებით, ოპოზიციონერი დეპუტატები მსგავსი განცხადებებით პოლიტიკური ქულების დაწერას ცდილობენ.
“ლელა მენთეშაშვილმა საკრებულოს სხდომაზე აღნიშნულ საკითხზე მოისმინა არგუმენტირებული პასუხი, მაგრამ მაინც იმავეს ამტკიცებს. სოფელ რუისპირში წყლის გაყვანილობაა ჯერ გასაკეთებელი, ამიტომ ამ ეტაპზე ვერ ხერხდება შიდა საუბნოს გზების მოასფალტება, რადგან ორმაგი ხარჯის გაწევა მოგვიხდებოდა და თანხის არამიზნობრივი ხარჯვა გამოვიდოდა. ჯერ უნდა გაკეთდეს წყლის სისტემა და შემდეგ გზა. სწორედ ამიტომ ეს თანხა გადამისამართდა დროებით სხვა საკითხების მოსაგვარებლად. სოფელ რუისპირში მომავალ წელს გაკეთდება გზაც და წყლის სისტემაც მოწერიგდება. ის, რომ ჩვენ ვინმეს ვჩაგრავთ პოლიტიკური შეხედულებების გამო, სიმართლეს არ შეესაბამება და ეს არის მხოლოდ პოლიტიკური ქულების დაწერის მცდელობა’’, – განუცხადა knews.ge-ს არჩილ თხლაშიძემ.