ახალი ამბები

უცხოელებს შესაძლოა ჩამოერთვათ ის მიწები, რომლებსაც არ ამუშავებენ

ოთარ დანელიას განმარტებით, კანონპროექტი შემუშავების პროცესშია და არ არის გამორიცხული, მის საბოლოო ვერსიაში ჩაიწეროს უცხო ქვეყნის მოქალაქეებისთვის იმ სავარგულეების ჩამორთმევის საკითხი, რომელიც მიზნობრივად ან საერთოდ არ მუშავდება.
„საუბარია, 45-50 ათასი ჰექტარი სასოფლო-სამეურნეო მიწის ნაკვეთებზე, რომლებიც გახლავთ უცხო ქვეყნის მოქალაქე ფიზიკური პირების მფლობელობაში და ჩვენ მათ დავავალდებულებთ, რომ ათვისებულ იქნას ეს მასივები და დამუშავდეს სასოფლო-სამეურნეო მიმართულებით, ანუ მიზნობრივი ათვისება მოხდეს იმ სავარგულებისა, რომლის დიდი ნაწილიც დღეს მოცდენილია“, – განაცხადა ოთარ დანელიამ.
საქართველოს პარლამენტში „მიწის შესახებ“ კანონპროექტის ინიცირება 30 აპრილს იგეგმება. 
პარლამენტის აგრარულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე აცხადებს, რომ მოსალოდნელი ცვლილებების მიხედვით, მიწის გასხვისება უცხო ქვეყნის ფიზიკურ პირზე იკრძალება, თუმცა ხელმისაწვდომია იჯარა; სტრატეგიული პროექტების შემთხვევაში კი, დისკრეცია მთავრობას რჩება. 
აგრარულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილე გელა სამხარაული მხარს უჭერს უცხოელებზე მიწის გასხვისების აკრძალვას, თუმცა მიიჩნევს, რომ ამ მხრივ კანონში უნდა იყოს გამონაკლისი.
“მე ყოველთვის მომხრე ვარ, რომ ჩვენი რესურსი მაქსიმალურად ეფექტურად იყოს გამოყენებული და ათვუსებული. მე მხარს ვუჭერ უცხო ქვეყნის მოქალაქეებზე სასოფლო-სამეურნეო მიწების მიყიდვის აკრძალვას, მაგრამ ვფიქრობ, რომ კანონში უნდა იყოს გარკვეული გამონაკლისი, რომლის მიხედვითაც ოცხოელს შეეძლება მიწის ყიდვა”, – განუცხადა knews.ge-ს გელა სამხარაულმა.