სათიბ-საძოვრების რაციონალურად გამოყენების პროგრამაში რეგისტრაცია დაიწყო
გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს ინფორმაციით, რეგისტრაცია კოოპერატივების განვითარების სააგენტოს ვებგვერდზე – www.acda.gov.ge 1-ლი ივნისის 18:00 საათამდე გაგრძელდება.
,,პროგრამაში ჩართვა შეუძლია იმ სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივებს, რომლებიც რეგისტრებულნი არიან „მაღალმთიან დასახლებათა ნუსხის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2015 წლის 30 დეკემბრის N671 დადგენილებით განსაზღვრულ მაღალმთიან დასახლებებში და აკმაყოფილებენ პროგრამით განსაზღვრულ პირობებს. დადგენილი კრიტერიუმებით სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივებს, რომელთა წევრთა რაოდენობა შეადგენს არანაკლებ 11 მეპაიეს და მფლობელობაში ჰყავს არანაკლებ 200 სული ფური ან/და დეკეული, 25 წლიანი იჯარით გადაეცემათ სათიბი, ან საძოვარი ან ორივე ერთად, რაც ერთ სულ ფურზე ან/და დეკეულზე არანაკლებ 1.5 ჰექტარს და არაუმეტეს 4 ჰექტარს შეადგენს. კოოპერატივები თანადაფინანსებით მიიღებენ საქონლის საკვების წარმოებისათვის საჭირო აღჭურვილობას – ტრაქტორს, გუთანს, როტაციულ და სეგმენტურ სათიბელას, ფოცხს, მოთიბული მასის დამწნეხსა და მისაბმელს ტვირთის ტრანსპორტირებისათვის“, – აცხადებენ გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროში.