ყვარლის მერიამ ექვს ვაკანტურ თანამდებობაზე კონკურსი გამოაცხადა
როგორც knews.ge-ს მერიაში განუცხადეს, ვაკანტურია იურიდიული, ზედამხედველობის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის, ინფრასტრუქტურის, სივრცითი მოწყობის, ძეგლთა დაცვის, მშენებლობისა და არქიტექტურის სამსახურების ხელმძღვანელების, ადამიანური რესურსების მართვის, საზოგადოებასთან ურთიერთობისა და საინფორმაციო ტექნოლოგიების განყოფილების უფროსისა და ადამიანური რესურსების მართვის საკითხებში უფროსი სპეციალისტის პოზიციები. უწყების ინფორმაციით, კონკურსში მონაწილეობის მსურველებს უნდა ჰქონდეთ უმაღლესი განათლება.
„ყვარლის მერიაში გამოცხადებულია 6 ვაკანსია. თანამშრომლების შესარჩევად ჩატარდება ორი ტიპის კონკურსი – დახურული და ღია. დახურული კონკურსი ცხადდება საჯარო სამსახურის სისტემის მასშტაბით და გულისხმობს შესაფერისი კანდიდატის შერჩევას მოქმედი მოხელეებიდან, მოხელეთა რეზერვში ჩარიცხული მოხელეებიდან და შრომითი ხელშეკრულებით დასაქმებული პირებიდან; ამასთანავე, შრომითი ხელშეკრულებით დასაქმებულ პირს უფლება აქვს, მონაწილეობა მიიღოს დახურულ კონკურსში, თუ იგი არანაკლებ 1 წელი მუშაობს საჯარო სამსახურის სისტემაში. კონკურსანტს უნდა ჰქონდეს ბაკალავრის აკადემიური ხარისხი. რაც შეეხება სხვა მოთხოვნებს, ოთხი სამსახურის უფროსის თანამდებობაზე დაკავების მსურველს უნდა ჰქონდეს მინიმუმ 5 წლიანი სამუშაო გამოცდილება, ხოლო დანარცენ 2 ვაკანტურ პოზიციაზე საკმარისია 2 წლიანი გამოცდილება“, – განუცხადეს knews.ge-ს ყვარლის მერიაში.
მერიის ცნობით, აღნიშნულ პოზიციებზე თანამდებობრივი სარგო 700-დან 1300 ლარამდე მერყეობს. განაცხადების მიღება 21 აპრილამდე გაგრძელდება.