,,ჩემი შვილი ნიღბიანებმა მოკლეს და 20 000 ლარი წაიღეს”
ანა ქევხიშვილის მტკიცებით, 54 წლის ვლადიმერი ნიღბიანებმა დაყაჩაღების მიზნით მოკლეს. მისივე ინფორმაციით, უნობმა პირებმა საცხოვრებელი სახლიდან 20 000 ლარი წაიღეს.
„ნიღბიანი მამაკაცები ღამე შემოვარდნენ ჩვენს სახლში. ფულს მთხოვდნენ, მემუქრებოდნენ. მარანში დამაბეს. ვეხვეწებოდი ოღონდ ლადო არ მოკლათ და თუ გინდათ მთელი სახლი წაიღეთ მეთქი. ჩემი შვილი სხვა ოთახში გაიყვანეს და ისიც დააბეს. იმასაც ფულს სთხოვდნენ. ტრაქტორის საყიდლად გვქონდა სახლში ფული. ჩემმა შვილმა ფული არ მისცა. ნიღბიანებმა ჩემი შვილი მოკლეს და 20 000 ლარი წაიღეს“, – განაცხადა ანა ქევხიშვილმა.
ლადოს დედა ვარაუდობს, რომ მისი შვილი თანასოფლელებმა მოკლეს.
სოფელ კალაურში მკვლელობა გვიან ღამით მოხდა. როგორც knews.ge-ს კალაურის ადმინისტრაციულ ერთეულში გურჯაანის მერის წარმომადგენელმა, ალექსანდრე პაპოშვილმა განუცხადა, მოკლულ ლადო ქევხიშვილს კონფილქტი არავისთან არ ჰქონია.
“ვლადიმერ ქევხიშვილს კონფლიქტი არავისთან არ ჰქონია. მას ყველასთან ძალიან კარგი ურთიერთობა ჰქონდა. ის მექანიზატორად მუშაობდა. მთელ სოფელი ფიქრობს, რომ მისი დაყაჩაღება უნდოდათ, რის გამოც მოკლეს”, – განუცხადა knews.ge-ს ალექსანდრე პაპოშვილმა.
შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, გამოძიება დაიწყო საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 108-ე მუხლით, რომელიც განზრახ მკვლელობას გულისხმობს. უწყების ცნობით, ბრალდებულის დასაკავებლად მიმდინარეობს სამძებრო სამუშაოები.