კახეთში ფასდაკლების კვირეული SPA & WELLNESS გაიმართება
საქართველოს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ინიციატივით პროექტი „Discount Week“-ი 13 აპრილიდან 29 აპრილის ჩათვლით გაგრძელდება. ამის შესახებ დღეს გამართულ ბრიფინგზე ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს, ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა გიორგი ჩოგოვაძემ განაცხადა. მისივე ინფორმაციით, ფასდაკლების კვირეულში ჩართულია 17 სასტუმრო და 2 სარეაბილიტაციო-პროფილაქტიკური მომსახურების ცენტრი. განთავსების ობიექტები მომხმარებლებს 25%-დან 51% ფასდაკლებას სთავაზობენ. ფასდაკლების კვირეული კახეთის გარდა მოიცავს: მცხეთა-მთიანეთს, სამცხე-ჯავახეთს, იმერეთს და აჭარას.
როგორც knews.ge-ს საქართველოს ტურიზმის ეროვნულ ადმინისტრაციაში განუცხადეს, ფასდაკლების კვირეული წარმოადგენს პროექტს, რომელიც მოიცავს საქართველოს სხვადასხვა რეგიონში შიდა და საერთაშორისო ტურისტებისათვის სხვადასხვა ტურისტულ ობიექტში ფასდაკლებით სარგებლობას. ფასდაკლების კვირეულის მიზანია არასეზონურ პერიოდში რეგიონის პოპულარიზაციისა და შიდა ტურიზმის წახალისება. პროექტი ხელს შეუწყობს ტურისტულ ობიექტებს ვიზიტორების მოზიდვაში. სხვადასხვა რეგიონში ფასდაკლების კვირეულის კამპანია ტურიზმის ეროვნულმა ადმინისტრაციამ 2017 წელს დაიწყო.