ახალი ამბები

აგროდაზღვევის პროექტში სახელმწიფოს თანამონაწილეობა ვაზზე 50% იქნება

აგროდაზღვევის პროგრამის ფარგლებში სადაზღვევო პოლისი დაფარავს ისეთ სადაზღვევბო რისკებს, როგორიცაა სეტყვა, წყალდიდობა, ქარიშხალი და საშემოდგომო ყინვა.

,,აგროდაზღვევის პროგრამაში მონაწილეობა შეუძლია მიიღოს ფიზიკურ ან იურიდიულ პირს, რომელსაც საკუთრებაში, სარგებლობაში ან ფაქტობრივ მფლობელობაში გააჩნია არაუმეტეს 5 ჰა (ხორბლის მოსავლის დაზღვევის შემთხვევაში არაუმეტეს 30 ჰა) ფართობის ჩათვლით სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი. ასევე ნებისმიერ ბენეფიციარს, რომელიც ფლობს მაგალითად, 30 ან 100 ჰექტარს შეუძლიათ 5 ჰექტარი მიწის ნაკვეთის დაზღვევისას მიიღონ სახელმწიფოს მხრიდან თანადაფინანსება”, – ნათქვამია დოკუმენტში.

სახელმწიფო აგროდაზღვევის პროგრამაში შევიდა ცვლილებები, რომლის თანახმად, აგროდაზღვევით ისარგებლებს ფერმერი, რომელსაც მიწის ნაკვეთი დარეგისტრირებული აქვს. აგროდაზღვევის ახალი პროგრამისთვის, ბიუჯეტიდან წელს 7 მილიონი ლარი გამოიყოფა.

,,სახელმწიფო არასდროს გვეხმარება და არც ახლა გვაქვს იმედი. მე, ცრუ მოლოდინები არ მაქვს. საჭიროა, სოფლის მეურნეობის ძირითად საშუალებებში ჩაიდოს ინვესტიციები სექტორის გასაძლიერებლად და არა ერთჯერადი დახმარებები,” – განაცხადა Knews.ge-სთან ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის სოფელ საქობოს მკვიდრმა გივი ლალოშვილმა.

შეგახსენებთ, რომ 2017 წლის ბიუჯეტში აგროდაზღვევის მიმართულებით 7 მილიონი ლარი, 2016 და 2015 წლებში კი, 10 მილიონი ლარი დაიხარჯა. საქართველოში ფერმერებისთვის აგროდაზღვევის საპილოტე პროგრამა 2014 წლის სექტემბრიდან ამოქმედდა.