სურსათის ეროვნული სააგენტო მოსახლეობას მოუწოდებს, საეჭვო ადგილებში ხორცის შეძენისაგან თავი შეიკავოს
როგორც გაერო-ს სურსათისა და სოფლის მეურნეობის ორგანიზაციაში აცხადებენ, აღდგომის დღეებში მარხვის დასრულებასთან ერთად, ხორცპროდუქტების მოხმარება იმატებს, გაზრდილი მოთხოვნის ფონზე კი ხშირია არაკეთილსაიმედო გარემოში გასაყიდად გამოტანილი ხორცი, რომელთა წარმომავლობა, ისევე როგორც დაკვლის ადგილი, მომხმარებლისთვის უცნობია.
,,მომხმარებელს მოვუწოდებთ ხორცი საეჭვო ადგილებში არ შეიძინონ. საქონლის ხორცის შეძენისას კი ყურადღება გაამახვილონ იმ გარემოებაზე, რომ გასაყიდი ხორცი უნდა იყოს ნიშანდებული, ასევე უნდა გააჩნდეს ფორმა ნომერი 2 და ეტიკეტი, რომელიც ადასტურებს, რომ აღნიშნული ცხოველი დაკლულია სასაკლაოზე და გავლილი აქვს, დაკვლის წინა და დაკვლის შემდგომი ვეტერინარული შემოწმება“, -აცხადებენ უწყებაში.
მათივე ინფორმაციით, საქონლის ხორცის ეტიკეტზე დატანილი უნდა იყოს შემდეგი ინფორმაცია, კერძოდ, სასაკლაოს აღიარების ნომერი, სადაც დაიკლა ცხოველი, იმ ქვეყნის მითითებით, სადაც მდებარეობს სასაკლაო (დაიკლა – ქვეყნის დასახელება, სასაკლაოს აღიარების ან პირობითი აღიარების ნომერი) ასევე დამზადების თარიღი და საათი;
„FAO და სურსათის ეროვნული სააგენტო ითვალისწინენ იმ გარემოებას, რომ ბაზრებსა და სხვა არაოფიციალურ სავაჭრო ადგილებში, ხორცისა და მისგან წარმოებული პროდუქტის ფასი, შესაძლოა, განსხვავდებოდეს სპეციალიზებულ მაღაზიებსა და ჰიპერმარკეტებში არსებული ფასებისაგან, თუმცა მნიშვნელოვანია მოსახლეობას ახსოვდეს, რომ არაჰიგიენურ პირობებში დაკლული და რეალიზებული ხორცისგან ცხოველური დაავადებებით დაინფიცირების რისკი გაცილებით მაღალია“, – ნათქვამია ინფორმაციაში.
საეჭვო შემთხვევების გამოვლენისას, მოსახლეობას შეუძლია დარეკოს საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს სურსათის ეროვნული სააგენტოს ცხელ ხაზზე – 15 01.