1918-1921 წლების ამსახველი გამოფენა ყვარელში 18 აპრილამდე გაგრძელდება
როგორც knews.ge-ს ეროვნულ არქივში განუცხადეს, ექსპოზიცია მოიცავს წერილობით და ფოტომასალას საქართველოს დამოუკიდებლობის შესახებ პირველი რესპუბლიკის სამწლიან პერიოდს (1918-1921 წწ.). დამთვალიერებელს მისი დათვალიერება 2 კვირის განმავლობაში, 18 აპრილამდე შეეძლება.
“არქივში დაცული მრავალფეროვანი მასალა საქართველოს ისტორიის ამ მოკლე პერიოდთან დაკავშირებულ ისეთ მნიშვნელოვან მოვლენებს ასახავს, როგორებიცაა: სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობის აღდგენა და დამოუკიდებელი საქართველოს მთავრობის ჩამოყალიბება; უმაღლესი საკანონმდებლო ორგანოს – დამფუძნებელი კრების არჩევნების ჩატარება, რომელშიც მონაწილეობა ორივე სქესის ამომრჩევლებმა მიიღეს და კანდიდატებად დარეგისტრიტებული 20-ზე მეტი ქალიდან დამფუძნებელ კრებაში ხუთმა ქალმა დაიკავა ადგილი; საქართველოს პირველი კონსტიტუციის მიღება და მრავალი სხვა”, – განუცხადეს knews.ge-ს ეროვნულ არქივში.
2018 წელს საქართველოს პირველი რესპუბლიკის შექმნიდან 100 წელი გავიდა. საიუბილეო თარიღს ეროვნული არქივი არაერთი ღონისძიებით აღნიშნავს, მათ შორის არის გამოფენა „საქართველოს პირველი დემოკრატიული რესპუბლიკა“, რომელიც წლის განმავლობაში საქართველოს ყველა რეგიონს მოიცავს. საქართველოს პირველი დემოკრატიული რესპუბლიკის შესახებ არქივში დაცული დოკუმენტების გამოფენა ლაგოდეხის იუსტიციის სახლში უკვე გაიმართა.