ივრის აღკვეთილის ტერიტორიის ნაწილი სარგებლობაში უცხოელ ბიზნესმენებს გადაეცა
ივრის აღკვეთილი სიღნაღის მუნიციპალიტეტში მდებარეობს.
როგორც knews.ge-ს დაცული ტერიტორიების სააგენტოში განუცხადეს, შპს “არიკმა” ჰიდროკვანძის მშენებლობის მიზნით, სააგენტოს წერილობით მიმართა და ტერიტორიის გადაცემა მოითხოვა, რაც საქართველოს მთავრობის დადგენილებით და „ტყითსარგებლობის წესის“ თანახმად, განხორციელდა კიდეც. კომპანია ერთჯერადად საკომპენსაციო საფასურს გადაიხდის, რომელიც მოცემულ შემთხვევაში 5 589 ლარს შეადგენს.
„აღნიშნული თანხა მოხმარდება ტყის ფონდის მართვის ორგანოს მიერ ტყის მოვლის, აღდგენის ღონისძიებების უზრუნველყოფას. კომპანია საგარეჯოსა და სიღნაღის მუნიციპალიტეტებში სოფლის მეურნეობის, საკვები ინდუსტრიისა და ეკოტურიზმის მიმართულებით პროექტებს ახორცილებს. 2000 ჰექტარ მიწაზე დაგეგმილია მაღალტექნოლოგიური წვეთოვანი სარწყავი სისტემების დამონტაჟება, რომლებიც უზრუნველყოფს 1000 ჰა მიწის ნაკვეთზე ვენახის, ხილის, ფისტის, ბროწეულის და ნუშისბაღების ირიგაციას. ამისთვის კი აუცილებელია შესაბამისი ინფრასტრუქტურის მოწყობა, რომელიც მდინარე იორის მიმდებარედ წყალსაქაჩის, მილების, ფილტრების, პომპის განთავსება – მონტაჟს ითვალისწინებს“, – განუცხადეს knews.ge-ს დაცული ტერიტორიების სააგენტოში.
შპს „არიკი“ 2013 წლის 16 აგვისტოს შეიქმნა. კომპანიის მფლობელები სენტ-კიტსის და ნევსის მოქალაქეები – ბეჰრანგ კარბახშ რავარი და ეჰსან კარბახშ რავარი არიან. ორივე მათგანი პარალელურად საქართველოს მოქალაქეებიც არიან. ბიზნესმენები კიდევ რამდენიმე კომპანიას ფლობენ.