სიღნაღში ზეთისხილის ბაღებში ფაროსანას საწინააღმდეგო მონიტორინგის სისტემა დამონტაჟდა
სურსათის ეროვნული სააგენტოს უფროსის ინფორმაციით, კომპანიას ზეთისხილის ბაღები 400 ჰექტარზე აქვს გაშენებული.
ზურაბ ჩეკურაშვილის განცხადებით, ახალი მავნებელი ქვეყნისთვის მნიშვნელოვანი გამოწვევაა, რომლისთვისაც სახელმწიფო მასშტაბურ ღონისძიებებს ახორციელებს.
შეგახსენებთ, რომ კახეთში აზიური ფაროსანას იდენტიფიკაციისა და არეალის დადგენის მიზნით მონიტორინგის სისტემის დამონტაჟება 27 მარტს დაიწყო.
როგორც knews.ge-ს კახეთის გუბერნატორმა, ირაკლი ქადაგიშვილმა განუცხადა, რეგიონში სულ 1300 სპეციალური დამჭერი ხაფანგი განთავსდება.
“აზიური ფაროსანას მონიტორინგის სისტემა იქნება რვავე მუნიციპალიტეტში. ეს მოწყობილობა სურსათის ეროვნულ სააგენტოს შესაძლებლობას აძლევს, რომ ონალინ რეჟიმში განისაზღვროს მწერის ლოკაცია და შესაძლო გამოჩენის შემთხვევაში ოპერატიული ღონისძიება გატარდეს. ამავე დროს მიმდინარეობს ფერმერების ინფორმირება. მავნებელთან ბრძოლის პროცესში სურსათის ეროვნულ საგენტოსთან ერთად ყველა მუნიციპალიტეტი აქტიურად ჩაერთვება, რათა მწერი არ გავრცელდეს. თუ მწერი გავრცელდა, მასთან ბრძოლის მეთოდოლოგია იქნება ეფექტური, რადგან კახეთში აქტიურად იწამლება ვენახები და ბაღები. თუ აზიური ფაროსანა გამოჩნდება ტყისპირა ადგილებში ან მინდვრებში, რომლებიც არ არის ფერმერის საკუთრება, მობილიზებულია შესაბამისი ტექნიკა. ასეთ ტერიტორიებს სახელმწიფო თავად დაამუშავებს”, – განუცხადა knews.ge-ს ირაკლი ქადაგიშვილმა.
2017 წელს აზიური ფაროსანას მონიტორინგის მიზნით, ქვეყნის მასშტაბით, 21 ათასი მოსაზიდი ხაფანგი დამონტაჟდა.