პრემიერი – აუცილებელია, მეტი გადაწყვეტილებების მიღების უფლება მივცეთ რეგიონებს
გიორგი კვირიკაშვილის შეფასებით, ახალი რეფორმა, რომლის განხორციელებაც უკვე დაანონსდა, ქვეყნის თვითმმართველობების გაძლიერებას შეუწყობს ხელს.
„სულ ცოტა ხნის წინ, პარლამენტთან ერთად დავაანონსეთ ახალი რეფორმა. ეს იქნება ფუნდამენტური რეფორმა ქვეყნის თვითმმართველობების გაძლიერებისთვის. ჩვენ უნდა მივაღწიოთ იმას, რომ დაახლოებით 8 წელიწადში ჩვენი რეგიონების დაფინანსების დონე მთლიან შიდა პროდუქტთან მიმართებაში იყოს ევროპულ დონეზე. ეს ნიშნავს, რომ უნდა გაორმაგდეს მთლიან შიდა პროდუქტთან მიმართებაში რეგიონების დაფინანსების მაჩვენებელი. ეს კი თავისთავად ნიშნავს, რომ თქვენ, მეგობრებო, რეგიონში მცხოვრები ადამიანები, ისინი, ვინც ჩართულნი არიან ადგილობრივ თვითმმართველობაში, პარტიის აქტივისტები დასხდებით და თქვენ გადაწყვეტთ თქვენს საკუთარ პრიორიტეტს. რა თქმა უნდა, ცენტრალური ხელისუფლება ხელს არ იბანს იმაზე, რომ იყოს ცენტრალური ხელისუფლების პროგრამები, მაგრამ მთავარი გადაწყვეტილებები, თუ რა უნდა დაფინანსდეს, რა არის პრიორიტეტი რეგიონებში, მიიღებენ ადგილობრივ დონეებზე. ამას სჭირდება ადამიანური პოტენციალის განვითარება, პარალელურად, მაგრამ ეს მიღწევადია“, – განაცხადა გიორგი კვირიკაშვილმა.
გუშინ მთავრობის მეთაური თელავში იმყოფებოდა, სადაც პარტიის თელავის საოლქო ორგანიზაციის კონფერენცია გაიმართა. გიორგი კვირიკაშვილმა კონფერენციაზე შეკრებილ მოქალაქეებს იმ პროექტების შესახებ მიაწოდა ინფორმაცია, რომელიც კახეთის რეგიონში ბოლო წლების განმავლობაში განხორციელდა.