სტატიები

აზიური ფაროსანა აპრილში გაიღვიძებს – პრევენციული ღონისძიებები მავნებლის წინააღმდეგ

მწერი ჯერ კიდევ 20 თებერვალს საქართველოს პრეზიდენტმა თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტში ვიზიტისას უმაღლესი სასწავლების სააქტო დარბაზში შენიშნა. გიორგი მარგველაშვილმა აზიური ფაროსანა სიტყვით გამოსვლის დროს იპოვნა.  ქალაქ თელავში მცხოვრებმა ნინო ხაჭაპურიძემ კი მავნებელი საკუთარ საცხოვრებელ სახლში რამდენიმე დღის წინ აღმოაჩინა და მაშინვე მოკლა, მაგრამ სურსათის ეროვნული სააგენტოსთვის არ მიუმართავს. „რამდენიმე დღის წინ აღმოვაჩინე ფაროსანა. რაც ტელევიზორში მინახავს, ზუსტად იგივე იყო. მწერი მაშინვე მოვკალი“, – ამბობს ნინო ხაჭაპურიძე. 
მოსახლეობა ხელისუფლებას მოუწოდებს, რომ აზიური ფაროსანას გამოჩენისთანავე დაიწყოს მის წინააღმდეგ ბრძოლა და რეაგირება დროულად მოხდეს. თელავის მუნიციპალიტეტის სოფელ კონდოლში მცხოვრები გია უთალიშვილი მიიჩნევს, რომ აუცილებელია ფაროსანას საწინააღმდეგო ინსექტიციდების შესხურება იყოს თანადროული. 
„წინა წელს დასავლეთ საქართველოში იმის გამო რომ ნაკვეთები ერთდროულად არ შეიწამლა, ფაროსანებს შეეძლოთ ერთი ნაკვეთიდან შეუწამვლელ ნაკვეთში გადასულიყვნენ. ფაქტობრივად შეწამვლას აზრი არ ჰქონდა. დაგვიანებული რეაგირების გამო მოსავალი დასავლეთ საქართველოში განადგურდა. აზიური ფაროსანა ჩემმა რამდენიმე მეზობელმა უკვე ნახა. იმედია, რომ ეს მწერი არ გავრცელდება კახეთში“, – აღნიშნავს გია უთალიშვილი.
სურსათის ეროვნული სააგენტოში ამბობენ, რომ კახეთში აზიური ფაროსანას გავრცელების ნაკლები რისკია. უწყების მცენარეთა დაცვის დეპარტამენტის უფროსის რეკომენდაციით, აღმოჩენის შემთხვევაში ფაროსანას კვერცხდების კერები მექანიკურად უნდა განადგურდეს. ნიკა მესხის ინფორმაციით, მავნებლის წინააღმდეგ გამოიყენება საქართველოში რეგისტრირებული სინთეზური პირეტროიდებისა და ნეონიკოტინოიდების ჯგუფის ინსექტიციდები. საერთაშორისო სამეცნიერო კვლევების მიხედვითა და ამერიკელი მეცნიერების გამოცდილებით, აზიური ფაროსანას წინააღმდეგ ყველაზე ეფექტიანია პირეტროიდული ჯგუფის ბიფენტრინის შემცველი პრეპარატები, რომელთაგანაც საქართველოს ბაზარზე ხელმისაწვდომია: ტალსტარი, ზონდერი, ინსეკარი და კურა-კურა. 
„ძალიან მნიშვნელოვანია აზიური ფაროსანას შეგროვება და მათი განადგურება. ასევე აუცილებელია ისეთი პრეპარატების გამოყენება, რომლებიც დაშვებულია სახლის პირობებში. ასევე გავრცელებულია თხევადი საპნისა და წყლის ნაზავის გამოყენება. ეს მეთოდები გამოიყენება დახურულ სივრცეში ანუ სახლში. რაც შეეხება ღია პერიმეტრს, უნდა იყოს გამოყენებული ისეთი პრეპარატები, რომლებიც სოფლის მეურნეობის კუთხით არის დარეგისტრირებული. მაგალითად ბიფენტრინიანი ქიმიკატები და დელტამეტრინის შემცველი პრეპარატები ეფექტური იქნება ამ მავნებლის წინააღმდეგ“, – აღნიშნავს knews.ge-სთან საუბრისას ნიკა მესხი. 
მესხის ინფორმაციით, აზიური ფაროსანას განადგურების ერთ-ერთი მექანიზმი მისი ბუნებრივი მტრის, აზიური კრაზანას საქართველოში შემოყვანაა. სურსათის ეროვნული სააგენტოს მცენარეთა დაცვის დეპარტამენტის უფროსი განმარტავს, რომ ამ წერის საქართველოში შემოყვანა კვლევების შედეგებზე იქნება დამოკიდებული. 
„იაპონური კრაზანა, მილიმეტრნახევრიანი ზომის მწერია. ის აზიური ფაროსანას კვერცხის პარაზიტია. ის არეგულირებს ამ მავნებლის რიცხონობას. ამ საკითხის შესწავლას დრო სჭირდება. საჭიროა კვლევების ჩატარება. ამ კვლევებისთვის საჭიროა სპეციალური, ევროკავშირის სტანდარტების შესაბამისი ლაბორატორიის მოწყობა. გარკვეული დროის შემდეგ არ არის გამორიცხული, რომ ჩვენ მივიღოთ მისი საქართველოში შემოყვანის გადაწყვეტილება. რაც შეეხება გავრცელებულ ინფორმაციას, რომ იაპონური კრაზანა უქმნის საფრთხეს ფუტკრებს, ეს არ შეესაბამება სიმართლეს. არ არსებობს მსგავსი შემთხვევები, რომ მას ზიანი მიეყენებინა ფუტკრებისთვის ან სასოფლო-სამეურნეო სავარგულებისთვის“, – ამბობს მესხი. 
ის ასევე ყურადღებას ამახვილებს მავნებლის წინააღმდეგ პრეპარატების გამოყენების ვადების დაცვის აუცილებლობაზე. ნიკა მესხი აზიური ფაროსანას წინააღმდეგ პრევენციულ ღონისძიებებში ფერმერები აქტიური ჩართულობის მნიშვნელობაზეც საუბრობს. 
ძალიან მნიშვნელოვანია ფერმერები ჩაერთვნენ თავისი ნაკვეთის დამუშავებაში და იმ კონკრეტულ ფართობზე გაატაროს ღონისძიებები. სახელმწიფო შესაბამისი პრეპარატით დაამუშავებს როგორც სახელმწიფო, ისე კერძო საკუთრებაში არსებულ მიწის ნაკვეთებს, თუმცა ყველა ნაკვეთის მოცვა შეუძლებელია. თითოეულ პრეპარატს აქვს თავისი მოქმედების ხანგრძლივობა. თუ ჩვენ მიწის ნაკვეთებს მავნებლის დაწინააღმდეგო პრეპარატს შევასხურებთ და მავნებელი ორი კვირის შემდეგ მივა იმ ნაკვეთებში, სადაც წამლობა ჩატარდა, მისთვის ტოქსიკური აღარ იქნება ეს წამალი და აღარ იმოქმედებს. ძალიან მნიშვნელოვანია ღონისძიებების ჩატარების ვადები. როდესაც მავნებელი იქნება კონკრეტულ ტერიტორიაზე, მაშინ უნდა დაიწყოს მის წინააღმდეგ ყველა ღონისძიება“, – აცხადებს მესხი. 
კახეთში აზიური ფაროსანას იდენტიფიკაციისა და არეალის დადგენის მიზნით მონიტორინგის სისტემის დამონტაჟება დაიწყო. აზიური ფაროსანას მაიდენტიფიცირებელი სისტემა გურჯაანი-ლაგოდეხის დამაკავშირებელ გზაზე განათავსეს. კახეთის გუბერნატორის განცხადებით, მონიტორინგის მეშვეობით მოხდება მავნებლის იდენტიფიცირება და გავრცელების არეალის დადგენა. ირაკლი ქადაგიშვილის ინფორმაციით, რეგიონში სულ 1300 სპეციალური დამჭერი ხაფანგი განთავსდება. 
“აზიური ფაროსანას მონიტორინგის სისტემა იქნება რვავე მუნიციპალიტეტში. ეს მოწყობილობა სურსათის ეროვნულ სააგენტოს შესაძლებლობას აძლევს, რომ ონალინ რეჟიმში განისაზღვროს მწერის ლოკაცია და შესაძლო გამოჩენის შემთხვევაში ოპერატიული ღონისძიება გატარდეს“, – განუცხადა knews.ge-ს ქადაგიშვილმა.