ბაზარზე ზეთისხილისგან წარმოებული პირველი მარინადი გაიყიდება
მწვანე და შავი მარინადის დამზადებას კომპანია “ქართული ზეთისხილი” გეგმავს, რომელიც უკვე რამდენიმე თვეა ზეთისხილის ზეთს აწარმოებს.
კომპანიის დამფუძნებელი გიორგი სვანიძე აცხადებს, რომ ამჟამად პროდუქტი მარილდება და დაახლოებით ერთ თვეში უკვე დახლებზე გამოჩნდება.
,,წელს კომპანია შედარებით მცირე პარტიას, 2 ტონამდე მარინადს გამოუშვებს, მომავალ წელს კი უფრო დიდი მოცულობის პროდუქტის გამოტანა იგეგმება. პროდუქტის ფასი იმპორტირებულის ფასზე ნაკლები იქნება, თუმცა ხარისხობრივად ბევრად აღემატება შემოტანილ პროდუქციას. ქართული ზეთისხილის ზეთი უკვე იყიდება ადგილობრივ ბაზარზე და კომპანია მის გატანას სხვა ქვეყნებში გეგმავს”,- განაცხადა გიორგი სვანიძემ.
კომპანია “ქართული ზეთისხილი” ბაღებს სოფელ საქობოში ფლობს. „ქართული ზეთისხილის“ საწარმო სოფლის მეურნეობის პროექტების მართვის სააგენტოსთან თანამშრომლობის შედეგად, „სასოფლო-სამეურნეო პროდუქტების გადამამუშავებელი და შემნახველი საწარმოების თანადაფინანსების“ (345 800 აშშ. დოლარი) პროგრამის ფარგლებში აშენდა. პროექტი, რომლის საერთო საინვესტიციო ღირებულება დაახლობით 5 მილიონი ლარია, ბიზნესმენმა გიორგი სვანიძემ განახორციელა.