ხვალ პანკისში მოსახლეობა საპროტესტო აქციას გეგმავს
როგორც knews.ge-ს სოფელ ომალოს მაცხოვრებელმა სულხან ბორძიკაშვილმა განუცხადა, მოსახლეობა ჰადორის ჰიდროელექტროსადგურის მშენებლობას გააპროტესტებს. მისივე თქმით, ჰესის მშენებლობა გარემოზე მკვეთრად უარყოფით გავლენას მოახდენს და საფრთხეს შეუქმნის პანკისის ფლორასა და ფაუნას.
„მოსახლეობა ჰესის მშენებლობის შეჩერებას ითხოვს. ეს არის ჩვენი მთავარი პროტესტის მიზეზი. ჰესის მშენებლობა დაუშვებელია. დაახლოებით 5 კილომეტრზე, სოფელ ბირკიანამდე დაგეგმილია მდინარე ალაზნის მილებში მოქცევა, რაც გამოიწვევს ტყის გამეჩხრებას, წყლის დონის მკვეთრ შემცირებას და გაჩნდება სასმელი და სარწყავი წყლის პრობლემა. შედეგად განადგურდება ფლორა და ფაუნა“, – განუცხადა Knews.ge-ს სულხან ბორძიკაშვილმა.
ჰიდროელექტროსადგურს კომპანია „ალაზანი ენერჯი“ აშენებს. პროექტის მიხედვით, „ხადორი 3“ საცხოვრებელი სახლებიდან 90 მეტრში განთავსდება.