სავალდებულო გენდერული კვოტირებას კახეთის ოთხმა მაჟორიტარმა დაუჭირა მხარი
„საარჩევნო კოდექსში” ცვლილების შეტანას 75 დეპუტატის მხარდაჭერა სჭირდებოდა, მას კი სამოცდექვსმა დეპუტატმა დაუჭირა მხარი.
აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით მმართველ გუნდში ერთიანი პოზიცია არ არსებობს. პლენარულ სხდომაზე, სავალდებულო გენდერულ კვოტირების დაწედებას კახეთის რეგიონიდა ექვსიდან ოთხმა მაჟორიტარმა დეპუტატმა მისცა ხმა.
აღნიშნული მექანიზმის ამოქმედების მომხრეა თელავისა და ყვარლის გაერთიანებული ოლქის მაჟორიტარი დეპუტატი ირაკლი სესიაშვილი, გურჯაანის მაჟორიტარი დეპუტატი დავით სონღულაშვილი, თელავისა და ახმეტის მაჟორიტარი დეპუტატი გელა სამხარაული და ლაგოდეხისა და ყვარლის მაჟორიტარი დეპუტატი გურამ მაჭარაშვილი.
მიუხედავად იმისა, რომ საპარლამენტო სავალდებულო გენდერულ კვოტირების დაწესებას არ ეთანხმებოდა თელავისა და ყვარლის მაჟორიტარი დეპუტატი, მხარი მაინც დაუჭირა. ირაკლი სესიაშვილი გასული წლის მასიში Knews.ge-სთან საუბრისას აცხადებდა, რომ კანონმდებლობით საარჩევნო სიაში გენდერული კვოტირების განსაზღვრა არ იყო რაციონალური მიდგომა.
,,მე გენდერული პოლიტიკის მხარდამჭერი ვარ, მაგრამ როდესაც საქმე ეხება პოლიტიკასა და არჩევანს და ეს არჩევანი ეკუთვნის ხალხს, აქ ხელოვნურობა არ არის სწორი. უკეთესია ბუნებრივი მიდგომა. შესაძლოა, ჩვენ მხარი დავუჭიროთ ქალების ჩართულობას პოლიტიკაში, გავაძლიეროთ ისინი სხვადასხვა ფინანსური და სხვა შესაძლებლობით, მაგრამ არ უნდა იყოს დაწესებული კვოტა. ასეთი მიდგომით ჩვენ შევეწინააღმდეგებით იმ მთავარ პრინციპს, რომ ადამიანებს აქვთ არჩევანის უფლება”, – განმარტავდა სესიაშვილი.
სავალდებულო გენდერულ კვოტირებას კატეგორიულად ეწინააღმდეგება დედოფლისწყაროსა და სიღნაღის მაჟორიტარი დეპუტატი ირაკლი შიოლაშვილი და საგარეჯოს მაჟორიტარი დეპუტატი რომან მუჩიაშვილი.
,,არ შეიძლება კანონში ჩავდოთ ნორმა, რომ რადგან ქალბატონია, უნდა მოხვდეს პარლამენტში. ჩემი აზრით, ეს ქალბატონებისთვის შეურაცხმყოფელიც არის. დროებითი ნორმაც რომ იყოს, ადამიანი პარლამენტის წევრი უნდა ხდებოდეს გაკეთებული საქმით, რა შემოქმედებით საქმიანობას ეწეოდა რაიონისთვის და ქვეყნისთვის. პარლამენტში ჩვენ გვყვავს ქალბატონები, მათ შორის მაჟორიტარული წესით არჩეულები. ისინი მოსახლეობამ აირჩია თავიანთი საქმით, რაც მათ გააკეთეს თავიანთი რაიონისთვის. ადამიანების ხელოვნურად მოხვრედრა პარლამენტში ჩემთვის არის კატეგორიულად მიუღებელი“, – აღნიშნა შიოლაშვილმა.
საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის, ირაკლი კობახიძის განცხადებით, მომავალ კვირას კანონპრორექტის ინიცირებას საპარლამენტო უმრავლესობა მოახდენს.
„მომდევნო კვირაში საქართველოს პარლამენტი აუცილებლად მიუბრუნდება გენდერული კვოტირების საკითხს. იყო გარკვეული წინააღმდეგობა დეტალებთან დაკავშირებით, რომელთა შესახებაც ვერ შედგა შეთანხმება. შესაბამისად, საპარლამენტო უმრავლესობა ორგანული კვოტირების შესახებ კანონპროექტის ინიცირებას მოახდენს. პრინციპი იქნება იგივე – 25%-იანი მინიმალური წარმომადგენლობა შემდეგ პარლამენტში, 2024 წლის მოწვევის პარლამენტში 1/3 წარმომადგენლობა იქნება უზრუნველყოფილი“, – განაცხადა კობახიძემ.
მესამე სექტორი კი ხელისუფლებას საკანონმდებლო ინიციატივის მხარდაჭერისკენ კვლავ მოუწოდებს. თელავის დემოკრატიის სკოლის ხელმძღვანელი ნიკოლოზ შარვაშიძე აღნიშნავს, რომ მოქმედი რეგულაციით, თუ საარჩევნო სიაში პირველ, მეორე და ყოველ მომდევნო ათეულში განსხვავებული სქესის კანდიდატია წარმოდგენილია სულ მცირე 30%-ით, მაშინ პარტია დამატებით საბაზო დაფინანსების 30%-ს იღებს, თუმცა აღნიშნული შესაძლებლობა ვერ უზრუნველყოფს ქალთა პოლიტიკაში მონაწილების გაძლიერებას.
„ბოლო კვლევებით ქალთა პოლიტიკაში ჩართულობის მიმართულებით საქართველო 114-ე ადგილზეა. ჩემი აზრით, საქართველოში არსებული პოლიტიკური სისტემიდან გამომდინარე მხოლოდ ერთჯერადი ინიციატივა ვერ მოაგვარებს პოლტიკაში ქალთა დაბალი მონაწილეობის პრობლემას“, – განუცხადა Knews.ge-ს ნიკოლოზ შარვაშიძემ.