ახალი ამბები

უვიზო რეჟიმის დარღვევის გამო გერმანიიდან საქართველოს მოქალაქეები გამოაძევეს

როგორც knews.ge-ს საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, საქართველოს მოქალაქეების დეპორტაციის მიზეზი უვიზო რეჟიმის პირობების დარღვევა გახდა. გერმანიიდან დეპორტირებულები თბილისში სპეციალური რეისით ჩამოფრინდნენ. მათი განცხადებით, დეპორტაციის გადაწყვეტილება სასამართლომ მიიღო. 
„გერმანიის ტერიტორიიდან განხორციელდა არალეგალურად ჩაბარებული საქართველოს მოქალაქეების დეპორტირება. მიზეზი არის ის, რომ საქართველოს მოქალაქეებს არ აქვთ თავშესაფრის მოთხოვნის მიზეზი“, – განაცხადა კომპანია „ფრონტექსის“ წარმომადგენელმა ირმა ცირამუამ, რომელიც პროცესის მონიტორინგის ახორციელებს. 
როგორც ცნობილია, გერმანიიდან საქართველოს იმ მოქალაქეების რეადმისია, რომლებიც ქვეყანაში არალეგალურად იმყოფებიან, პერიოდულად ხორციელდება.
ევროპული კვლევების ცენტრის ხელმძღვანელის, კახა გოგოლაშვილის განმარტებით, უსაფუძვლოდ თავშესაფრის მაძიებელთა მკვეთრად გაზრდა უვიზო მიმოსვლის შეწყვეტის ერთ–ერთი საფუძველია.
,,შენგენის ქვეყნებთან უვიზოდ მიმოსვლა შეწყდება იმ შემთხვევაში, თუ უსაფუძვლოდ თავშესაფრის მაძიებელთა მიმართვიანობა საგრძნობლად გაზრდა, ქვეყანა ნაკლებად ითანამშრომლებს ევროკავშირთან რეადმისიის კუთხით (თანამშრომლობის გაძლიერება უკანონო მიგრაციის ბრძოლის საკითხებში) და საქართველოდან ჩასული ადამიანები საფრთხეს შეუქმნიან ევროკავშირის კონკრეტული სახელმწიფოს საზოგადოებრივი წესრიგსა და უსაფრთხოებას. ეს ერთ-ერთი მიზეზია. ამ ეტაპზე საქართველოსთვის შეჩერების მექანიზმის ამოქმედების საფრთხე არ არსებობს“, – განუცხადა knews.ge-ს კახა გოგოლაშვილმა.
თავშესაფრის მინიჭების ევროპული სააგენტოს (EASO) სტატისტიკური მონაცემების მიხედვით, 2016 წელთან შედარებით ევროკავშირის წევრ ქვეყნებში თავშესაფრის მაძიებელი საქართველოს მოქალაქეების რიცხვი 35%–ით გაიზარდა. 2017 წელს ევროკავშირში თავშესაფრის მაძიებელთა საერთო რიცხვი 43%–ით შემცირდა. სააგენტოს ინფორმაციით, 2017 წელს, საერთო ჯამში, ევროკავშირის წევრ ქვეყნებში თავშესაფარი დაახლოებით 707 ათასმა უცხოელმა მოითხოვა, მაშინ როდესაც 2016 წელს ეს რიცხვი 1,3 მილიონს შეადგენდა.