სავალდებულო გენდერული კვოტირება შესაძლოა, მაჟორიტარულ სისტემაზეც გავრცელდეს
ინფორმაციას საინფორმაციო სააგენტო “ინტერპრესნიუსი” ავრცელებს.
როგორც ცნობილია, გასულ კვირას მმართველმა გუნდმა აღნიშნული საკანონმდებლო ინიციატივა პრემიერ-მინისტრთან შეხვედრისას განიხილა. “ინტერპრესნიუსს“ ინფორმაციით, შედგა შეთანხმება კანონპროექტის იმგვარად კორექტირებაზე, რომ უშუალოდ პარტიულ სიაში (პროპორციული სისტემით) ყოველი მესამე კანდიდატი განსხვავებული სქესის წარმომადგენელი იყოს, ხოლო მაჟორიტარულ ოლქებთან მიმართებაში – ყოველი მეექვსე მაჟორიტარობის კანდიდატი. ეს კი იმას ნიშნავს, რომ პოლიტიკურ გაერთიანებას პარლამენტის 73 მაჟორიტარული ოლქიდან სულ მცირე 12 მაჟორიტარულ ოლქში განსხვავებული სქესის წარმომადგენლის წარდგენა მოუწევს.
უმრავლესობის დეპუტატი, პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის წევრი ზაქარია ქუცნაშვილი ადასტურებს, რომ “ქართული ოცნება“ მზად არის, სავალდებული გენდერული კვოტირების სისტემა შეეხოს როგორც პროპორციულ, ასევე მაჟორიტარულ საარჩევნო სისტემასაც.
“ქართული ოცნება“ მზად არის პოზიტიური დისკრიმინაციის აქტის შესადგენად, რაც უმრავლესობის ფორმატში გამართულ შეხვედრაზე დამსწრეთა უმრავლესობის მხრიდან დაფიქსირდა. ასევე დამსწრეთა უმრავლესობის აზრიდან გამომდინარე შემიძლია გითხრათ, რომ “ქართული ოცნება“ მზად არის, სავალდებული კვოტირების სისტემა შეეხოს არამხოლოდ პროპორციულ საარჩევნო სისტემას, არამედ მაჟორიტარულ საარჩევნო სისტემასაც. დეტალებზე მუშაობა მოგვიწევს, რა რაოდენობითა და როგორ შეიძლება მოხდეს სავალდებულო კვოტირება პროპორციული და მაჟორიტარული სისტემებისთვის, რათა ჯამში ეს არ იყოს პარლამენტის საერთო წევრთა საერთო რაოდენობის 25%-ზე ნაკლები“, – განაცხადა ზაქარია ქუცნაშვილმა.
საკითხთან დაკავშირებით მმართველ გუნდში ერთიანი პოზიცია არ არსებობს.
დედოფლისწყაროსა და სიღნაღის მაჟორიტარი დეპუტატი კატეგორიულად ეწინააღმდეგება სავალდებულო გენდერული კვოტირების შესახებ ინიციატივას. როგორც ირაკლი შიოლაშვილი მიიჩნევს, რომ საარჩევნო სიის ფორმირების დროს არ უნდა გათვალისწინებული გენდერული ფაქტორი.
„არ შეიძლება კანონში ჩავდოთ ნორმა, რომ რადგან ქალბატონია, უნდა მოხვდეს პარლამენტში. ჩემი აზრით, ეს ქალბატონებისთვის შეურაცხმყოფელიც არის”, – განუცხადა knews.ge-ს ირაკლი შიოლაშვილმა.
2017 წლის 12 ივნისს, 37 455-მა ამომრჩეველმა საქართველოს პარლამენტს საკანონმდებლო ინიციატივით მიმართა, რომელიც საპარლამენტო და ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებზე, პარტიებსა და ბლოკებს დაავალდებულებს, რომ პარტიული სიებში ყოველი მეორე განსხვავებული სქესის კანდიდატი წარადგინონ. კანონპროექტის მიხედვით, პარლამენტის ან საკრებულოს პროპორციული წესით არჩეული წევრისთვის სადეპუტატო მანდატის ვადამდე შეწყვეტის შემთხვევაში, მის ადგილს დაიკავებს სიაში რიგით მომდევნო იმავე სქესის წარმომადგენელი.