თელავში არასამთავრობო ორგანიზაციებს ანგარიშვალდებულებისა და გამჭვირვალობის პრინციპები გააცნეს
ტრენინგი ჩატარდა სამოქალაქო საზოგადოების ინსტიტუტის მხარდაჭერით, კახეთის რეგიონული ჰაბის და არასამთავრობო ორგანიზაცია “მედია ცენტრი კახეთის” ორგანიზებით. ტრენინგის მიზანია, რეგიონულ საზოგადოებრივ ორგანიზაციებს გააცნოს აღნიშნული პრინციპების მნიშვნელობა, მათი პრაქტიკაში რეალიზების მიზნები და საშუალებები, რომლებიც მათ დაეხმარება, უფრო ეფექტურად განახორციელოს საკუთარი საქმიანობა, უკეთ გაიაზროს ამ მიმართულებით არსებული გამოწვევები.
სამოქალაქო საზოგადოების ინსტიტუტის წარმომადგენელი, პროექტის კოორდინატორი, ეკატერინე დანელია განმარტავს, რომ არასამთავრობო სექტორისთვის შეთავაზებული რეკომენდაციები ხელს შეეწყობს ორგანიზაციების ინსტიტუციურ განვითარებას.
მისი თქმით, ტრენინგ-მოდულის შინაარსი სრულად ეფუძნება სამოქალაქო საზოგადოების ინსტიტუტის მიერ მომზადებულ სახელმძღვანელო დოკუმენტს „საზოგადოებრივი ორგანიზაციების ანგარიშვალდებულებისა და გამჭვირვალობის სტანდარტები “.
,,საქართველოს მასშტაბით შექმნილია 10 რეგიონული ჰაბი, სწორედ ამ ჰაბებში საზოგადოებრვ ორანიზაციებს უტარდებათ ტრენინგები, რომლებიც მომზადებულია სახელმძღვანელოზე დაყრდნობით. მისი ძირითადი მიზანია ის, რომ რეალურად დაიძლიოს ის უნდობლობა, რაც არსებობს საზოგადოებრივი ორგანიზაცების მიმართ’’,-განუცხადა knews.ge-ს ეკატერინე დანელიამ.
ტრენინგი ორგანიზებულია სამოქალაქო საზოგადოების ინსტიტუტის მიერ პროექტ ,,სამოქალაქო საზოგადოების განვითარების ინიციატივის“ ფარგლებში, რომელიც ხორციელდება კონრად ადენაუერის ფონდის (KAS) მიერ სამოქალაქო საზოგადოების ინსტიტუტთან (CSI), საქართველოს სტრატეგიული კვლევებისა და განვითარების ცენტრთან (CSRDG), კონსულტაციისა და ტრენინგის ცენტრთან (CTC) და განათლების განვითარების და დასაქმების ცენტრთან (EDEC) თანამშრომლობით. პროექტს აფინანსებს ევროკავშირი და გერმანიის ეკონომიკური თანამშრომლობისა და განვითარების ფედერალური სამინისტრო.