თელავის მერმა საზოგადოებას 100 დღის მუშაობის ანგარიში ჩააბარა
შოთა ნარეკლიშვილის თქმით, მას შემდეგ, რაც მერის უფლებამოსილების შესრულება დაიწყო, ბევრი მნიშვნელოვანი ინფრასტრუქტურული პროექტი განხორციელდა, გარევაჭრობა აიკრძალა და ბაზრის მიმდებარე ტერიტორია დასუფთავდა. ,,გაერთიანებული მუნიციპალიტეტის 2018 წლის ბიუჯეტი 22 595 510 ლარით განისაზღვრება, საიდანაც გათანაბრებითი ტრანსფერი 9 560 700 ლარია, რეგიონული განვითარების ფონდიდან გამოყოფილი თანხა კი 1 715 439 ლარს შეადგენს. მიზნობრივი ტრანსფერი კი 285 000 ლარია. წელს განხორციელდა ბევრი მნიშვნელოვანი პროექტი: მერიის ინიციატივით დაიწყო მაკულატურის შეგროვება და პირველადი გადამუშავება, ასევე საქმის წარმოება გადავიდა ელექტრონულ ფორმატზე, დაიხვეწა სოციალური პროგრამები და მეტად მორგებულია ბენეფიციარებზე. წელს ამ მიმართულებით 59 719 ლარი დაიხარჯება და ამ თანხით შევძლებთ 968 ბენეფიციარის დახმარებას. გარდა ამისა, განხორციელდა სხვადასხვა სახის ინფრასტრუქტურული სამუშაო: სოფელ ქვემო ხოდაშენში მოასფალტდა 1 კმ სიგრძის გზა, რაც მოსახლეობას გადაადგილების პრობლემას მოუხსნის. ეს პროექტი 306 000 ლარი დაჯდა. ზუზუმბოს ტერიტორიაზე მოეწყო სკვერი, დაიდგა ატრაქციონები ბავშვებისთვის და ამისთვის 27 382 ლარი დაიხარჯა. დავეხმარეთ სტიქიით დაზარალებულ მოსახლეობას. სტიქიის შედეგად დაზიანებული შენობების სახურავების რეაბილიტაცია განხორციელდა, რომელზეც 490 000 ლარი დაიხარჯა, როგორც რეგიონული განვითარების ფონდიდან, ასევე ადგიილობრივი ბიუჯეტიდან. გარდა ამისა აიკრძალა გარევაჭრობა, მოვაჭრეები გადავიყვანეთ ბაზრის ტერიტორიაზე’’, -განუცხადა knews.ge-ს შოთა ნარეკლიშვილმა.
შოთა ნარეკლიშვილმა საუბრისას ყურადღება გაამახვილა სამომავლოდ დაგეგმილ განსახორციელებელ პროექტებზე. თელავის მერის ინფორმაციით, იგეგმება სხვადასხვა სახის მნიშვნელოვანი ინფრასტრუქტურული პროექტის განხორციელება, რომელიც, მისი თქმით, მუნიციპალიტეტის ეკონომიკურ გაძლიერებასა და ტურიზმის განვითარებას შეუწყობს ხელს.
,,წელს 6 სოფელში იგეგმება შიდა საუბნო გზის რეაბილიტაცია, 2 სოფელში ცენტრალური გზის რეაბილიტაცია, 6 სოფელში სასმელი წყლის სისტემის და წყალშემკრები ნაგებობების რეაბილიტაცია და სხვა. წელს ქალაქ თელავში დაგეგმილია 10 ქუჩის რეაბილიტაცია’’,– განუცხადა knews.ge-ს შოთა ნარეკლიშვილმა.
ადგილობრივები და არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები ამბობენ, რომ მოსახლეობის ინფორმირების მიზნით მნიშვნელოვანია მერმა საზოგადოებას გაწეული საქმიანობის შესახებ ანგარიში ეტაპობრივად ჩააბაროს. ადგილობრივბები მერს მოუწოდებენ, სხვადასხვა თანამდებობაზე კადრების შერჩევის დროს გენდერული ბალანსი დაიცვას.
,,კარგი იქნება მუდმივი ხასიათი მიიღოს ამ შეხვედრებმა, რომ მერმა თავის ამომრჩევლებს გაწეული საქმიანობის შესახებ მიაწოდოს ინფორმაცია ეტაპობრივად და გააცნოს მათ სამომავლოდ რა იგეგმება. სხვა საკითხების გარდა, ჩემი აზრით, მერიამ ყურადღება უნდა გაამახვილოს ინფრასტრუქტურული პროექტების განხორციელებაზე, რადგან თელავში ამ კუთხით არის პრობლემები. გარდა ამისა, მნიშვნელოვანია მერიაში გენდერული ბალანსის დაცვა, რადგან არცერთი გადაწყვეტილების მიმღები პირი არ არის ქალი. ამ საკითხებს უნდა მიაქციოს ჩემი აზრით ყურადთება მერმა‘’,- განუცხადა knews.ge-ს თელაველმა თამარ ლამაზოშვილმა.
,,შეხვედრა, რომლის ფარგლებშიც მერმა მუშაობის ანგარიში წარმოადგინა, ორგანიზებული იყო თელავის დემოკრატიის სკოლის მიერ. ჩვენ აქტიურად ვუჭერთ მხარს მსგავსი შეხვედრების ჩატარებას, რათა დამკვიდრდეს ევროპაში მოქმედი პრაქტიკა, სადაც საჯარო მოხელეები გაწეული საქმიანობის შესახებ აწვდიან საზოგადოებას ინფორმაციას. ეს ხელს შეუწყობს, როგორც მერის მხრიდან ანგარიშვალდებულების, ასევე მოქალაქეთა ჩართულობის გაზრდას’’, – განაცხადა თელავის დემოკრატიის სკოლის ხელმძღვანელმა ნიკოლოზ შარვაშიძემ.