თელავში სოფლის მეურნეობისა და ტურიზმის მიმართულებით პროფესიული კოლეჯი გაიხსნება
„თელავის უნივერსიტეტის ბაზაზე ახალი ტიპის სასწავლო პროფესიული დაწესებულების დაარსება სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია კახეთის რეგიონის განვითარებისთვის, რადგან იმ რეფორმების ფონზე, რაც ქვეყანაში აგრარული მიმართულებით ხორციელდება, კახეთი განსაკუთრებით განიცდის პროფესიული კადრების დეფიციტს.
საქართველოს მთავრობის ძალისხმევითა და საერთაშორისო ორგანიზაციების ფინანსური მხარდაჭერით, პროექტი ძალიან მჭიდრო ვადებში უნდა განხორციელდეს. ყველა პირობა არსებობს ვივარაუდოთ, რომ ეს სასწავლებელი მომავალში გახდება კახეთის სავიზიტო ბარათი, სადაც თანამედროვე გარემოში, ულტრათანამედროვე ლაბორატორიებში, სასწავლო/საცდელ ნაკვეთებსა თუ კერძო კონპანიებში პრაქტიკული კურსის გავლის შედეგად, მაღალკვალიფიური სპეციალისტები მომზადდება“ – აცხადებენ განათლების სამინისტროში.
უწყების ინფორმაციით, თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტის მეოთხე კორპუსში, სადაც რეაბილიტაციის შემდეგ ახალი კოლეჯი განთავსდება, შესაძლებელია აგრარული მიმართულების საბაკალავრო, სამაგისტრო და სადოქტორო პროგრამების ამოქმედებაც. სამინისტროს ცნობით, უმაღლეს პროფესიულ სასწავლებელში იქნება ყველა პირობა სამეცნიერო-კვლევითი სამუშაოების ჩასატარებლად.