სექტორთა შორის თანამშრომლობის შესახებ თელავში ტრენინგი ჩატარდება
,,სექტორთაშორისი თანამშრომლობა ეფექტური ხერხია ქვეყნის, ქალაქის, თუ რეგიონის პრობლემების გადასაჭრელად. ხშირად არც სამოქალაქო ორგანიზაციებს, არც ადგილობრივ ხელისუფლებას და არც ადგილობრივ ბიზნესს არ ჰყოფნის რესურსები იმ პრობლემათა მოსაგვარებლად, რომლებიც სამივე სექტორისათვის მნიშვნელოვანია. ამ შემთხვევაში სხვადასხვა სექტორების თანამშრომლობა არის საქმის გაკეთების ყველაზე ქმედითი გზა. სამოქალაქო ორგანიზაციები კარგად აცნობიერებენ მათ თემში, ქალაქსა თუ რეგიონში არსებულ პრობლემებს, თუმცა ხშირად ვერ ახერხებენ ამ პრობლემათა გადასაჭრელად საკმარისი რესურსების მოძიებას ან პარტნიორების მოზიდვას. ტრენინგზე განხილული იქნება: რა არის კორპორაციული სოციალური პასუხისმგებლობა და სექტორთაშორისი თანამშრომლობა; რა მოტივაცია აქვთ სხვადასხვა მხარეებს, რომ ჩაერთონ ამგვარ თანამშრომლობით პროექტებში; როგორ შეიძლება ითანამშრომლონ ამ კუთხით სამოქალაქო ორგანიზაციებმა, ბიზნეს კომპანიებმა და ადგილობრივმა თვითმმართველობებმა სამმხრივი სარგებლის მისაღწევად”, -განუცხადეს knews.ge-ს საქართველოს სტრატეგიული კვლევებისა და განვითარების ცენტრში.
ტრენინგი ტარდება ევროკავშირის მიერ დაფინანსებული პროექტის – “სამოქალაქო საზოგადოების განვითარების ინიციატივა” ფარგლებში, რომელიც მიზნად ისახავს საქართველოში სამოქალაქო საზოგადოებისათვის არსებული გარემოს გაუმჯობესებას, სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციების გაძლიერებას, ბენეფიციართა მიმართ მათი ანგარიშვალდებულების გაზრდასა და სხვა მონაწილეებთან კავშირების გაფართოებას.
პროექტს ახორციელებს კონრად ადენაუერის ფონდი (KAS) და ოთხი ქართული საზოგადოებრივი ორგანიზაცია – სამოქალაქო საზოგადოების ინსტიტუტი (CSI), კონსულტაციისა და ტრენინგის ცენტრი (CTC), საქართველოს სტრატეგიული კვლევებისა და განვითარების ცენტრი (CSRDG), განათლების განვითარების და დასაქმების ცენტრი (EDEC).
ტრენინგი 17 აპრილს, 11 საათზე, დაიწყება და 17:00 საათამდე გაგრძელდება. ტრენინგის მონაწილეთა რეგისტრაცია 26 მარტის ჩათვლით გაგრძელდება. დაგვიანებული განაცხადები არ მიიღება. მონაწილეებს შეარჩევს პროექტის ორგანიზატორთაგან დაკომპლექტებული საბჭო განაცხადების განხილვის საფუძველზე.
დაინტერესებულ პირებს ვთხოვთ, შეავსონ შემდეგი განაცხადის ფორმა: https://docs.google.com/forms/d/e/1FAIpQLSf2lkuGp73W39J2dp92uUkzROmXAp1JZHyk3VNPWThlmv0GJw/viewform