სტატიები

ნამჯის სახლები კახეთში

ლატიბაშვილის თქმით, ნამჯის სახლის მთავარი უპირატესობა ისაა, რომ ის ეკოლოგიურად სუფთაა და ამავე დროს ენეგოეფექტურია. ფერმერს ამ ეტაპზე სახლის მშენებლობის სამუშაოებზე 14 000 ლარი უკვე დახარჯული აქვს. 
„ნამჯის სახლის აშენება ბოლომდე ჯერ არ დამიმთავრებია. სახლი ჯერ შიგნიდან გასალესია და საცხოვრებლად ჯერ არ არის გამოსადეგი. გარედან გადავხურე, გავლესე. ნამჯის სახლი ჩვეულებრივი საცხოვრებელი სახლისგან განსხვავებით ენერგოეფექტურია და სუნთქავს. ის ტენისა და კონდენსაციის გამტარია. ნამჯის სახლი ეკოლოგიურად სუფთაა. მას თბოიზოლაცია აქვს, ზაფხულში გრილია და ზამთარში თბილი. მიუხედავად იმისა, რომ ძალიან გაძვირდა ხე-მასალა, მაინც საკმაოდ იაფი ჯდება აშენება, თან ძალიან ლამაზი და განსხვავებულია. ამ ეტაპზე 14 000 ლარი დავხარჯე უკვე. რაც შეეხება იმას თუ რატომ გადავწყვიტეს ნამჯის სახლის აშენება საგარეჯოში. მიწის ნაკვეთი მაქვს საგარეჯოში. გარდა ამისა, საგარეჯო თბილისთან ახლოს არის“, – განუცხადა knews.ge-ს ნოდარ ლატიბაშვილმა. 
ნოდარი ნამჯის სახლში პირველ ეტაპზე საკუთარ ოჯახთან ერთად ცხოვრებას გეგმავს. ფერმერი სამომავლოდ კიდევ ერთი ეკო სახლის აშენებას აპირებს, რომელიც ტურისტებისთვის იქნება განკუთვნილი. მის გეგმებში მარნისა და თონის მოწყობაც შედის. 
„თავდაპირველად სახლში მე და ჩემი ოჯახი ვიცხოვრებთ. მომავალში შესაძლოა რომ ნამჯის სხვა სახლი ავაშენო და როგორც კოტეჯი ისე გამოვიყენო ტურისტებისთვის. იქვე მარანის მოწყობასაც ვაპირებ, თონესაც ჩავდგამ, გამოვაცხობ წითელი დოლი პურს. ეს იქნება აგროტურისტული ობიექტი. იქვე იქნება სადეგუსტაციო ადგილი, სადაც ტურისტები ჩემ მიერ დაყენებულ ღვინოს დააგემოვნებენ. მათ, ასევე, შესაძლებლობა ექნებათ რთველში მიიღონ მონაწილეობა. ეს ყველაფერი კი საერთო ჯამში მომცემს შესაძლებლობას აგროტურიზმი განვავითარო გარეჯის გზაზე“, – ამბობს ლატიბაშვილი knews.ge-სთან საუბრისას. 
ლატიბაშვილი პირველი არ არის, რომელიც ეკო სახლს აშენებს. თინა სამადაშვილმა და დავით ჩაჩანიძემ გურჯაანის მუნიციპალიტეტის სოფელ ბაკურციხეში ტრიალ მინდორზე ეკოლოგიურად სუფთა სახლი ორი წლის წინ აშენეს. დავითი პროფესიით ექიმია, ხოლო მისი მეუღლე კი – არქიტექტორი. 
“პროფესიით ექიმი ვარ, მოწოდებით კი – გლეხი. ჩემი მეუღლე არქიტექტორია. საკუთარი ხელით ავაშენეთ ეკოლოგიურად სუფთა სახლი 4 თვეში და ერთი აქაური ბიჭი გვეხმარებოდა კიდევ. სახლის ფართობი 36 კვმ-ია, მეორე სართულზე 18 კვმ საძინებელი გვაქვს. სახლში ისე თბილა, რომ ამ ზამთარში მაისურით დავდივარ. ქარ-წვიმის ხმა არ შემოდის, რადგან სახურავზეც 30-სანტიმეტრიანი ნამჯისა და თიხის ნარევია დაფენილი. იატაკის დასაგებად ლერწამი გამოვიყენეთ. ახლა სახლში უკვე სველი წერტილებიც გვაქვს. სამშენებლოდ გამოყენებულია კირი, რომელიც 70 წლის შემდეგ ქვავდება. ცემენტი კი ამ დროის გასვლის შემდეგ იფშვნება. ასეთი სახლის კედლები სუნთქავს, არ ემუქრება სოკოვანი ნაჟღენთები, არ ლპება და ცეცხლიც არ ეკიდება. ინგლისში ასე აგებული შენობები 300-400 წელიწადს ძლებს”, – აცხადებს ჩაჩანიძე.