სტატიები

საკრებულოს შესაძლოა მერის თანამდებობიდან დაუსაბუთებლად გადაყენება აღარ შეეძლოს

კერძოდ, კანონით განსაზღვრულია, რომ საკრებულოს წევრთა უმრავლესობას შეუძლია უნდობლობის პროცედურა დაიწყოს მერის წინააღმდეგ და 10 დღის ვადაში წარმომადგენლობითი ორგანოს დეპუტატთა ორი მესამედის უმრავლესობით უფლებამოსილება შეუწყვიტოს მას ყოველგვარი დასაბუთების გარეშე. საიას იურისტი გიორგი გოცირიძე აღნიშნავს, რომ აღნიშნული ჩანაწერი ეწინააღმდეგება საქართველოს კონსტიტუციის 29-ე მუხლის მეორე პუნქტს, რომლის მიხედვითაც სახელმწიფო სამსახურის პირობები განისაზღვრება კანონით. გიცირიძის განცხადებით, საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილებების განმარტებით, კონსტიტუციის 29-ე მუხლის მეორე პუნქტი იცავს საჯარო მოსამსახურეს თანამდებობიდან დაუსაბუთებლად გათავისუფლებისაგან
„ჩვენ ეჭვის ქვეშ არ ვაყენებთ საკრებულოს უფლებამოსილებას, გადააყენოს მერი, როდესაც თვითმმართველი ერთეულის უმაღლესი თანამდებობის პირი ამეტებს თავის უფლებამოსილებას ან/და არსებობს სხვა გარემოება, რომელიც მერის გადაყენებას ამართლებს. უმიზეზოდ მერის გადაყენება, რომლის შესაძლებლობასაც იძლევა ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსის 51-ე მუხლი, ცალსახად არაკონსტიტუციურია“, – განუცხადა გიორგი გოცირიძემ. 
გოცირიძე მიუთითებს, რომ საკრებულოს მიერ მერის უსაფუძვლოდ გადაყენება წინააღმდეგობაში მოდის მოსახლეობის მიერ გაკეთებულ არჩევანთან და გამოხატულ ნებასთან. საიას იურისტის მოსაზრებით, აღნიშნულმა ნორმამ შესაძლებელია პოლიტიკურად არასტაბილური გარემო შექმნას.
„ჩვენ პრობლემად მიგვაჩნია ის, რომ როდესაც ხალხი მივიდა არჩევნებზე, გამოუცხადა ნდობა მერობის რომელიმე კანდიდატს, საკრებულომ კი ხალხის ნება უგულებელყოს იმდენად, რომ არ დაასაბუთოს მიზეზები, რატომ ხდება მერის თანამდებობიდან გადაყენება. კანონის მიხედვით, საკრებულოს შეუძლია გამოიყენოს უნდობლობის პროცედურა იმ შემთხვევაში, თუ საკრებულოს უმრავლესობასა და მერს შორის არსებობს პარტიული ან სხვა სახის დაპირისპირება“, – აღნიშნავს გოცირიძე. 
გურჯაანის მუნიციპალიტეტის მერი საიას სარჩელის შესახებ ინფორმირებული არ არის, თუმცა ამბობს, რომ თვითმმართველი ერთეულის უმაღლესი თანამდებობის პირისთვის უნდობლობის გამოცხადების საფუძვლები კანონში უნდა გაიწეროს. არჩილ ხანდამაშვილი ფიქრობს, რომ არც ერთი მუნიციპალიტეტის საკრებულო არ დაუშვებს, მერი უსაფუძვლოდ გადააყენოს. 
„არ ვიცნობ საიას სარჩელს, მაგრამ ვეთანხმები, რომ საკრებულოს გადაწყვეტილება ამა თუ იმ მიმართულებით, რასაც მერის გადაყენება ჰქვია, უნდა იყოს დასაბუთებული. საკრებულოს არ უნდა ჰქონდეს მუნიციპალიტეტის მოსახლეობის უმარვლესობის მიერ არჩეული მერის უსაფუძვლოდ გადაყენების უფლება. არ მგონია, რომ მსგავსი პრეცედენტი არსებობდეს. თუ მე ჩავიდინე კანონსაწინააღმდეგო ქმედება ან განზრახული მაქვს არასწორი ქმედებები მუნიციპალიტეტის წინსვლის საწინააღმდეგოდ, საკრებულომ, ბუნებრივია, უნდა მოახდინოს რეაგირება, მაგრამ კანონში უნდა იყოს მერის გადაყენების საფუძვლები გაწერილი“, – განუცხადა knews.ge-ს არჩილ ხანდამაშვილმა. 
ახმეტის მუნიციპალიტეტის მერიც ხანდამაშვილი მსგავსად ფიქრობს, რომ კანონში უნდა შევიდეს ცვლილება, რომელიც განსაზღვრავს მერის გადაყენების საფუძვლებს. სოსო ქარუმაშვილი მიიჩნევს, რომ ეს საფუძვლები საიამ თავის სარჩელში თავად უნდა ჩაწეროს. 
„ვფიქრობ, რომ კანონში უნდა იყოს ჩანაწერი, სადაც იქნება განსაზღვრული, თუ რის საფუძველზე შეუძლია საკრებულოს მერის გადააყენება. კარგი იქნება, მერისთვის უნდობლობის გამოცხადები საფუძვლები თავად მოსარჩელემ განსაზღვროს და საკონსტიტუციო სარჩელში ჩაწეროს“, – აცხადებს knews.ge-სთან საუბრისას სოსო ქარუმაშვილი. 
ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციამ სარჩელი საკონსტიტუციო სასამართლოში დღეს გააგზავნა.