ახალი ამბები

კამპანია ,,დამოუკიდებლობიდან თავისუფლებისაკენ – რესპუბლიკის 100 წელი“ თელავიდან დაიწყო

გიორგი მარგველაშვილმა კამპანიის ფარგლებში პირველი შეხვედრა თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტებთან და პროფესორ-მასწავლებლებთან გამართა. მარგველაშვილმა სტუდენტებთან ერთად მობილურ საექსპოზიციო სტენდებზე წარმოდგენილი გამოფენა დაათვალიერა, რომელიც საქართველოს რესპუბლიკის გამოცხადების 100 წლის მიეძღვნა. პრეზიდენტის განცხადებით, კამპანიის მიზანი ქართული სახელმწიფოებრიობის წინაშე მდგარ გამოწვევებსა და საფრთხეებთან დაკავშირებით ახალგაზრდების ცნობიერების ამაღლებაა. 
“წელს 100 წელი სრულდება საქართველოს დამოუკიდებელ რესპუბლიკად გამოცხადებიდან, ეს არის უმნიშვნლოვანესი თარიღი ჩვენი ქვეყნის ისტორიაში და თითლეულმა ჩვენგანმა უნდა გავიაზროთ კარგად ამ თარიღის მნიშვნელობა. ამ საკითხთან დაკავშირებით, ახალგაზრდებისთვის გამოცხადდება ესეების კონკურსიც და საზეიმოდ აღინიშნება წლევანდელი 26 მაისი”, – განაცხადა გიორგი მარგველაშვილმა. 
წელს საქართველოს რესპუბლიკის გამოცხადებიდან 100 წელი შესრულდა. ამ თარიღთან დაკავშირებით საქართველოს პრეზიდენტმა 2018 წელი თავისუფლების წლად გამოაცხადა და აღნიშნული თარიღი მიმდინარე წლის 26 მაისს საზეიმოდ აღინიშნება.
გამოფენა კამპანიის ფარგლებში დაგეგმილ ყველა შეხვედრაზე იქნება წარმოადგენილი, რათა სტუდენტებს კიდევ ერთხელ მიეცეთ შესაძლებლობა გაიაზრონ საქართველოს სახელმწიფოებრიობის მშენებლობის მნიშვნელოვანი ეტაპები.