გურჯაანის მუნიციპალიტეტის პრესსპიკერი მერს ზეწოლაში ადანაშაულებს
ზვიად ბიაშვილის მტკიცებით, 2017 წლის ნოემბერში, მას შემდეგ, რაც არჩილ ხანდამაშვილი უფლებამოსილების შესრულებას შეუდგა, მერიის სამსახურებისა და განყოფილების ხელმძღვანელებს დაკავებული თანამდებობების დატოვება რამდენჯერმე მოსთხოვა. ბიაშვილის ინფორმაციით, მან ხანდამაშვილის მოთხოვნა არ დააკმაყოფილა, რის შემდეგაც გურჯაანის მერმა მის წინააღმდეგ დისციპლინური წარმოება სამჯერ დაიწყო. გურჯაანის მერიის პრესსპიკერი საქართველოს პრემიერ-მინისტრს, პარლამენტის თავმჯდომარეს, სახალხო დამცველსა და არასამთავრობო სექტორს საკითხით დაინტერესებას სთხოვს.
„არჩილ ხანდამაშვილმა 13 ნოემბერს დაიწყო უფლებამოსილების შესრულება. პირველივე დღეს სამსახურისა და განყოფილების ხელმძღვანელებს მოგვთხოვა განცხადებების დაწერა. მე მსგავსი მოთხოვნა რამდენჯერმე წამიყენა, მაგრამ უარი ვუთხარი. აქედან გამომდინარე მან დაიწყო ჩემზე უხეში ზეწოლა. პირველი დისციპლინური წარმოება გურჯაანის მერმა 10 იანვარს დაიწყო იმ საქმის შეუსრულებლობის გამო, რაც ჩემთვის არ დაუვალებია. მისი უსაფუძვლობის გამო დისციპლინური წარმოება შეწყდა. მან ბოლო რამდენიმე დღის განმავლობაში კიდევ ორჯერ დაიწყო ჩემ წინააღმდეგ დისციპლინური წარმოება“, – განუცხადა Knews.ge-ს ზვიად ბიაშვილმა.
გურჯაანის მუნიციპალიტეტის მერი საზოგადოებასთან ურთიერთობის განყოფილების უფროსის ბრალდებებს პასუხობს. არჩილ ხანდამაშვილი გამორიცხავს ზვიად ბიაშვილზე განხორციელებულ ზეწოლას და აღნიშნავს, რომ მის წინააღმდეგ დისციპლინური წარმოება უსაფუძვლოდ არ მიმდინარეობს. ხანდამაშვილის მტკიცებით, ბიაშვილი მასზე დაკისრებულ მოვალეობას არაჯეროვნად ასრულებს და მუნიციპალიტეტში მიმდინარე მნიშვნელოვან მოვლენებს სრულყოფილად არ აშუქებს.
„მას შემდეგ რაც მე უფლებამოსილების განხორციელება დავიწყე, შიდა აუდიტის სამსახურმა განახორციელა რამდენიმე საქმის წარმოება, რის შედეგადაც რამდენიმე თანამშრომელმა საყვედურიც კი მიიღო. ზვიად ბიაშვილს შენიშვნა და გაფრთხილებაც კი არ მიუღია. ასე რომ ჩემი მხრიდან მასზე ზეწოლაზე საუბარი, მტკნარი სიცრუეა. სურვილი რომ მქონოდა ინდვიდუალურად ზვიადი მედევნა, რაიმე საბაბს ვიპოვიდი 13 ნოემბრის შემდეგ. გურჯაანის მერიის პრესსამსახური უნდა პასუხობდეს გამოწვევებს, უნდა აქტიურობს, მაგრამ ასე არ ხდება. გურჯაანის მერიამ ჩემს მოსვლამდე და ჩემი არჩევის შემდეგაც განახორციელა რამდენიმე წარმატებული პროექტი, მაგრამ არც ერთი მათგანი არ არის გაშუქებული. ველოდები შიდა აუდიტის სამსახურის დასკვნას“, – განუცხადა Knews.ge-ს არჩილ ხანდამაშვილმა.