გურჯაანის საცურაო აუზი პირველ მარტს გაიხსნება
როგორც knews.ge–ს გურჯაანის სპორტული კომპლექსის დირექტორმა, არჩილ გოგიაშვილმა განუცხადა, სარეაბილიტაციო სამუშაოები უკვე დასრულდა და ამ ეტაპზე აუზში წყლის გათბობა მიმდინარეობს.
“სარეაბილიტაციო სამუშაობი დასრულდა, რომელიც შპს “აროტრონმა” განახორციელა. აუზში წყალი შეიცვალა და სპეცილაური ხსნარით დამუშავდა. ამ ეტაპზე აუზში წყალს ათბობენ. საცურაო აუზზე აბონემენტის ფასი შესაძლოა 10 ლარით გაძვირდეს”, – განუცხადა knews.ge–ს არჩილ გოგიაშვილმა.
მისივე ინფორმაციით, 1 მარტიდან სპორტკომპლექსში მუშაობას დაიწყებს მცირე აუზიც, რომელიც 3-დან 7 წლამდე ასაკის ბავშვებზე იქნება გათვლილი.
გურჯაანის საცურაო აუზი 2017 წლის მარტში გაიხსნა. ბავშვებისათვის ერთთვიანი აბონემენტის ღირებულება 30 ლარია, ხოლო უფროსებისთვის 50 ლარით განისაზღვრება. მომხმარებლებს აბონემენტის გამოყენება კვირაში ორჯერ შეუძლიათ. ამ ეტაპზე გურჯაანის სპორტკომპლექსში ცურვას 300-მდე ბავშვი სწავლობს.
გურჯაანის სპორტული კომპლექსის რეაბილიტაცია 2012 წელს ჩატარდა. სარეაბილიტაციო სამუშაოებისთვის 3 მილიონი ლარი დაიხარჯა. პროექტის ფარგლებში სპორტკომპლექსში თანამედროვე სტანდარტების საცურაო აუზი, სპორტული და სატრენაჟორო დარბაზები მოეწყო. საცურაო აუზის გახსნისთვის გურჯაანის მუნიციპალიტეტის 2017 წლის ბიუჯეტიდან 45 ათასი ლარი დაიხარჯა.